ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რიუტე უშვებს შესაძლებლობას, რომ თუ ჩინეთი ტაივანთან მიმართებით ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, პრეზიდენტი სი ძინპინი თავის "უმცროს პარტნიორს", რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკავს და სთხოვს "ევროპელების ყურადღების გადატანას" ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, "ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმით".

რიუტე ამ ვარაუდს გამოთქვამს ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა გაზეთ The New York Times-ში - და აღნიშნავს, რომ ვითარების ამგვარი განვითარების ალბათობა არსებობს და "გულუბრყვილონი არ უნდა ვიყოთ".

ნატოს ხელმძღვანელის თქმით, პეკინისა და მოსკოვის შესაკავებლად საჭიროა ორი მთავარი ნაბიჯის გადადგმა. ერთ-ერთია დასავლეთის ალიანსის კოლექტიური სიძლიერე საიმისოდ, რომ "რუსებმა არასდროს განახორციელონ თავდასხმა". მეორე აუცილებელ ზომად რიუტე ასახელებს ერთობლივ მუშაობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, თავდაცვის მრეწველობის და ინოვაციების სფეროებში. რიუტე დასძენს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია.

"ჩვენ ვართ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევის პირისპირ. ეს, უწინარეს ყოვლისა, არის რუსეთი, რომელიც საკუთარ თავს აღადგენს ახლო ისტორიაში უპრეცედენტო სისწრაფითა და სიჩქარით. ამჟამად ისინი სამი თვის განმავლობაში აწარმოებენ სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას, ვიდრე მთელი ნატო აწარმოებს წელიწადში" - ამბობს რიუტე.

ნატოს გენერალურ მდივანთან The New York Times-ის ინტერვიუ დიდწილად ეხება კავშირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ის შორის, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში ალიანსს სკეპტიკურად ეკიდებოდა და პირველი ვადის განმავლობაში პირად საუბარში ორგანიზაციიდან გასვლითაც კი იმუქრებოდა.

გამოცემასთან საუბარში რიუტე ამბობს, რომ სწორად მიიჩნევს ნატოს წევრი ქვეყნებისადმი ტრამპის მთავარ მოთხოვნას - თავდაცვის სფეროს დაახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2 პროცენტი. "პრეზიდენტი ტრამპი ქებას იმსახურებს, რადგან რომ არა მისი ლიდერობა, რომ არა მისი ხელახალი არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად, 2 პროცენტი მიმდინარე წელს და 5 პროცენტი 2035 წელს - ჩვენ არასდროს, ვერასდროს შევძლებდით ამაზე შეთანხმებას" - ამბობს რიუტე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ივნისის ბოლოს, ყირგიზეთში ვიზიტისას გამოთქვა ვარაუდი, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ბიუჯეტების გაზრდა "ამ ორგანიზაციის კრახს გამოიწვევს". ლავროვმა მაშინ აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ "მოგონილი ამბებითა და თითიდან გამოწოვილი საფრთხეებით".

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, რომელიც 2025 წლის 25 ივნისს ჰააგაში გაიმართა, მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც რუსეთი მოხსენიებულია "გრძელვადიან საფრთხედ" ევროატლანტიკური რეგიონისთვის. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზრდიან.

პეკინი ტაივანს მიიჩნევს თავის მეამბოხე პროვინციად და აცხადებს, რომ მზადაა ძალა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუკი შეიქმნება კუნძულზე კონტროლის დამყარების აუცილებლობა. ამავდროულად, ტაივანელთა უმრავლესობა მხარს უჭერს დე-ფაქტო დამოუკიდებლობასა და მის დემოკრატიულ სტატუსს. კუნძულის გარშემო ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა შეეხოს აშშ-საც, რომელიც არის წევრი რამდენიმე რეგიონული კოალიციისა და, აშშ-ის კანონების მიხედვით, ტაივანისთვის შექმნილ ნებისმიერ საფრთხეს "განსაკუთრებულად სერიოზულ" პრობლემად განიხილავს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან მიმართებით ჩინეთი გამოდის ნეიტრალური პოზიციით და მშვიდობისკენ მოწოდებებით. ამავე დროს, ის აქტიურ კონტაქტს იმარჩუნებს მოსკოვთან. ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გამართული აქვთ ათობით შეხვედრა, 2022 წლის თებერვალში მათ ხელი მოაწერეს შეუზღუდავი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას - რომლის გაფორმებიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა. ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მას ეხმარება დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგების გადალახვაში.

radiotavisupleba.ge