აშშ-ის მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის მიერ ტაკერ კარსლონისთვის მიცემულმა ინტერვიუმ ხმაური გამოიწვია. როგორც მან განაცხადა, ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტში ხელოვნური ინტელექტის სრულად ინტეგრირება იგეგმება. როგორც ჩანს, კენედის სურს, დეპარტამენტი დამოუკიდებელი ექსპერტებისგან გაათავისუფლოს და ამ მოვალეობის შესრულება მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს მიანდოს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, AI-ტექნოლოგიას გაცილებით უფრო კომპლექსური და ექსპერტული რჩევების მოცემა შეუძლია.
თავისი არგუმენტის გასამყარებლად კენედიმ DOGE-ის მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი მასშტაბის კორუფციის გამოვლენა შეუძლია, მით უმეტეს არ გაუჭირდება ჯანდაცვის სფეროს მონაცემების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. კრიტიკოსების შეფასებით, დაუშვებელია AI ტექნოლოგიის ამ მასშტაბით დანერგვა ჯანდაცვის სისტემაში, რადგან არცერთ არსებულ მოდელს სიღრმისეული ცოდნა არ აქვს.
შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხშირებული საუბარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე დარგის ექსპერტებისთვის შეშფოთების საფუძველია. მათი შეფასებით, არ შეიძლება, ხელოვნურ ინტელექტის ადამიანზე წინ დაყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეხება.