ჩეხეთი: ტრამპის ფანი, მილიარდერი ბაბიში პრემიერ-მინისტრად ბრუნდება

სამშაბათს, 9 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჩეხი მილიარდერი, ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდა, რაც, შესაძლოა, უკრაინისთვის დახმარების დასრულებას და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას ნიშნავდეს. ბაბიშის მოძრაობა ANO [რედ. – ჩეხურად „დიახ“, ასევე ნიშნავს „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობას“ - Akce nespokojených občanů], რომელმაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ორ ევროსკეპტიკოს პარტიასთან გაერთიანდა. კოალიცია აცხადებს, რომ ევროკავშირის უფლებებს „თავისი ზღვარი“ აქვს და ბრიუსელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავს არ უნდა მოახვიოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ სუვერენიტეტს ლახავს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაბიშმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევას შეზღუდავდა, მაშინ როდესაც მისი წინამორბედი ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობა კიევისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების საქმეში გულუხვობას იჩენდა.

პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა 71 წლის პოლიტიკოსი, რომელიც 10.9-მილიონიან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანას 2017-დან 2021 წლამდე უკვე მართავდა. „ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ვპირდები, რომ ვიბრძოლებ მათი ინტერესებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს ბაბიში, რომელმაც წარსულში საკუთარ თავს „ტრამპისტი“ უწოდა.

სასამართლო პროცესი თაღლითობის საქმეზე

მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ბაბიშს მუდმივად უწევს ბრალდებებთან გამკლავება, რომლებიც ბიზნესსა და პოლიტიკაში მისი როლით განპირობებულ ინტერესთა კონფლიქტს შეეხება. ბაბიშის წინა ვადის დროს, ამ როლს მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა მის წინააღმდეგ გასულ თვეშიც, 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ წლისთავზე, რომელმაც ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმი დაამხო. წარმოშობით სლოვაკი ბაბიში, ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, მეშვიდე ყველაზე მდიდარი ჩეხია.

მან ქონება სურსათისა და ქიმიკატების მსხვილი ჰოლდინგის, „აგროფერტისა“ და სხვა კომპანიების ფლობის წყალობით დააგროვა. პრეზიდენტმა პაველმა ბაბიშს მოუწოდა, პრემიერად დანიშვნამდე მოეგვარებინა ინტერესთა კონფლიქტი, რაზეც მთავრობის ახალმა მეთაურმა გასულ კვირას პირობა დადო, რომ „აგროფერტს“ დამოუკიდებელ მმართველს გადასცემდა. ბაბიშს ბიზნესის დათმობის დეტალები არ გაუმხელია, რამაც ამ ნაბიჯის ირგვლივ სპეკულაციები გამოიწვია, თუმცა პაველმა განაცხადა, რომ განმარტებით კმაყოფილია და პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად ბაბიშს დანიშნავდა. ის ორი მილიონი ევროს (2.3 მილიონი დოლარი) თაღლითობის საქმეზე სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ბაბიშს ბრალად ედება 2007 წელს „აგროფერტიდან“ თავისივე ფერმის გამოყოფა, რათა მას მცირე საწარმოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის სუბსიდია მიეღო. ბაბიშს ასევე უწევს გაუმკლავდეს ბრალდებებს, თითქოს, XX საუკუნის 80-იან წლებში კომუნისტური საიდუმლო პოლიციის აგენტი იყო. ბაბიში ამ კუთხით რაიმე სახის გადაცდომას უარყოფს და ყველა ბრალდებას „შავი პიარის კამპანიას“ უწოდებს.

ჩეხეთის ახალი პრემიერი, რომელსაც ეკონომისტის ხარისხი აქვს, პოლიტიკაში პარტია ANO-სთან ერთად 2011 წელს მოვიდა. 2014-დან 2017 წლამდე ის ფინანსთა მინისტრი იყო, მაგრამ თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი გახდა ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ ბაბიში მისივე გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტებზე ახდენდა გავლენას (ამის შემდეგ, მან ეს გაზეთები გაყიდა). 2023 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პაველთან დამარცხდა. მამის სამსახურის წყალობით, რომელიც ჩეხოსლოვაკიის სავაჭრო წარმომადგენელი იყო, ბაბიშმა კომუნისტურ ეპოქაში დაწყებითი სკოლა პარიზში, ხოლო საშუალო სკოლა - ჟენევაში დაამთავრა.

მინისტრობის სკანდალური კანდიდატი

ევროპარლამენტში ANO და მისი ახალი კოალიციური პარტნიორი „მოტორისტები“ (Motorists) ულტრამემარჯვენე ბლოკის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ბაბიშმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად დააარსა. ულტრამემარჯვენე SPD-სთან ერთად, ეს სამი პარტია ჩეხეთის 200-წევრიან პარლამენტში 108 მანდატს ფლობს. პაველის განცხადებით, ახალ მთავრობაში შემავალ მინისტრებს მას შემდეგ დაასახელებს, რაც ბაბიში კანდიდატთა სიას წარადგენს. თუმცა, მან უკვე გამოთქვა ეჭვი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე „მოტორისტების“ კანდიდატის, ფილიპ ტურეკის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პიროვნების წარსულს უკავშირდება.

ყოფილი შეყვარებულის საჩივრის საფუძველზე, პოლიცია ტურეკის წინააღმდეგ მიმართულ გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის სავარაუდო ფაქტებს იძიებს. პოლიცია ტურეკს საჯაროდ ნაცისტური მისალმების გამოც ედავებოდა, მაგრამ ეს საქმე შეჩერდა. გარდა ამისა, ჩეხურმა მედიამ გამოაქვეყნა სოციალურ მედიაში გავრცელებული რასისტული და ჰომოფობიური პოსტები, რომლებიც ტურეკს მიეწერება.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"