ბრიტანელმა მეცნიერებმა ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან და იორკის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა.

მათი მონაცემებით, ადამიანმა დედამიწის ბუნებრივი რითმები კარდინალურად შეცვალა, რამაც ორი ახალი პერიოდი - ბურუსის და ნაგვის სეზონები შექმნა. პირველი ყოველწლიურად დგება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, როდესაც ინდონეზიასა და მალაიზიაში ტორფნარს, ინდოეთში კი მოსავლის ნარჩენებს წვავენ.

ნაგვის სეზონი დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ბალიზე ფიქსირდება, როდესაც მუსონური ქარები და ოკეანეს დინებები პლაჟებზე ტონობით პლასტიკს რიყავენ. წელს ამ 3 თვის განმავლობაში სანაპიროზე 3 ათასზე მეტი ტონა ნაგავი შეაგროვეს. ანალოგიური შემთხვევები ფიქსირდება ფილიპინებზე, ტაილანდსა და აშშ-ში.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ ტრადიციული წელიწადის დროები თანდათანობით ქრება. მაგალითად, ალპებში ზამთარი მოკლდება და თოვლი სულ უფრო იშვიათად მოდის. გარდა ამისა, სეზონებს სულ უფრო ხშირად თან ახლავს ექსტრემალური ამინდის მოვლენები.

კვლევის ავტორებმა შემოიღეს ტერმინი „არითმიული“ წელიწადის დროები, როდესაც სეზონებისთვის დამახასიათებელი მოვლენების დრო იცვლება (მაგალითად, ფრინველების მიგრაცია, ყვავილობის დაწყება ან ფოთლების ცვენა). ასეთი ცვლილებები არღვევს ეკოსისტემებს, საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას და ეკონომიკურ ზიანს იწვევს.

imedinews.ge