„გაზპრომის“ ბიუჯეტის შესავსებად, რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის რეკორდულ ზრდას ამზადებს. ამის შესახებ „მოსკოვი თაიმსი“ წერს.
რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზის მიხედვით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი 2024 წლის ივლისიდან 11,2%-ით, ხოლო 2025 წლის ივლისიდან კიდევ 8,2%-ით გაიზრდება.
„შედეგად, 2 წელიწადში გაზის ფასი მოქალაქეებისთვის 20%-ით, ხოლო ომის დაწყებიდან 34%-ით გაიზრდება: გასულ წელს ტარიფები 2-ჯერ იყო ინდექსირებული - 3%-ით ივლისში და 8.5%-ით დეკემბერში. 2023 წელს ინდექსაცია არ განხორციელებულა“, - წერს გამოცემა.
ამავდროულად, ბოლო წლებში გაზის ფასი ასეთი სწრაფი ზრდა არ ყოფილა: 2021 წელს ინდექსაცია იყო 3%, 2020 წელს - 3%, 2019 წელს - 1,4%, 2018 წელს - 3,4%.
გაზის ტარიფის ბოლო მკვეთრი ზრდა - წელიწადში 15%-ით - 2013 წელს მოხდა.
„გაზპრომის“ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, ხელისუფლება მომხმარებელზე ზეწოლას ზრდის. გასულ წელს „გაზპრომმა“ საზღვარგარეთ გაზის მინიმალური მოცულობა გაყიდა, ხოლო 2023 წელს გაზის ექსპორტი რუსეთიდან ევროპაში მინიმუმამდე - 12,1 მილიარდამდე დაეცა.
აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში, როდესაც თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ თქვა უარი რუსულ გაზზე, „გაზპრომმა“ 1,3 ტრილიონი რუბლის წმინდა ზარალი განიცადა.