აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ დაიწყებს გამოძიებას ჯეფრი ეპშტეინის ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან სავარაუდო კავშირების შესახებ.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, რომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნის შესაბამისად, დეპარტამენტი „ამ საქმეს დაჩქარებულად და კეთილსინდისიერად განიხილავს“.

ბონდის თქმით, გამოძიების ხელმძღვანელად პროკურორი ჯეი კლეიტონი დანიშნა.

როგორც „ბიბისი“ წერს, გაურკვეველია, გააკეთა თუ არა ტრამპმა ოფიციალური მოთხოვნა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან.

დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატები ცდილობენ ეპშტეინის თემის გამოყენებას, რათა საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ.

1tv.ge