აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 6 მარტს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) უთხრეს, რომ რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედროებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
ამით დადასტურდა გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთი მნიშვნელოვან არაპირდაპირ როლს ასრულებს ამ გაფართოების პროცესში მყოფ რეგიონულ კონფლიქტში.
თანამშრომლობა, რომელზეც ეს ცნობები მიანიშნებს, ვითარდება სენსიტიურ პერიოდში აშშ-რუსეთის ურთიერთობებისთვის - როცა ბირთვული იარაღის მქონე ამ ორ მეტოქეს უთანხმოება აქვს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის თაობაზე. ვაშინგტონი ომის დასრულებას ცდილობს და აწყდება კრემლის უარს დათმობაზე წავიდეს ტერიტორიულ და სხვა საკითხებთან მიმართებით.
Washington Post-ის ცნობაში მოტანილია სადაზვერვო ცნობებში გათვიცნობიერებული სამი წყაროს სიტყვები. გამოცემა წერს, რომ მოსკოვმა თეირანს მიაწოდა მონაცემები აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, საბრძოლო ხომალდების და თვითმფრინავების მდებარეობის შესახებ - მას მერე, რაც ომი 28 თებერვალს დაიწყო, ირანზე აშშ-ის და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმებით. ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, რომ საქმე, როგორც ჩანს, გვაქვს "საკმაოდ ფართო ძალისხმევასთან" მოსკოვის მხრიდან.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ანონიმურობის დაცვის პირობით ლაპარაკობდნენ, რადიო თავისუფლებას არ მიაწოდეს მეტი დეტალი გაზიარებული სადაზვერვო მონაცემების მასშტაბისა თუ მექანიზმის შესახებ.
რუსეთსა და ირანს ხანგრძლივი სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები აქვთ. ირანი რუსეთს დიდი რაოდენობით აწვდის Shahed-ის ტიპის დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის იყენებს. თუმცა რუსეთი ახლა ამ ტექნოლოგიას იყენებს დრონების ძირითადად თავის ტერიტორიაზე საწარმოებლად.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ ჯერჯერობით პასუხი არ გასცა კომენტარზე თხოვნას. საჯაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები გამოდიან ომის დასრულებისკენ მოწოდებით და კონფლიქტს უწოდებენ ირანის წინააღმდეგ "არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტს".
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 6 მარტს ელაპარაკა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და გაიმეორა მოსკოვის მოწოდება "საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებელი დასრულებისკენ" - აცხადებს კრემლი.
გავრცელებულ ცნობებზე საჯარო განცხადებას არ აკეთებენ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები.
თეთრი სახლიც უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის მხრიდან გაწეულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას 6 მარტს უპასუხა - "ეს უფრო ადვილი პრობლემაა იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებთ" - და დასძინა, რომ ეს "სულელური შეკითხვაა ამ მომენტში დასასმელად".
ანალიტიკოსების შეფასებით, სადაზვერვო მონაცემების გაცვლა შესაძლოა იყოს თეირანისთვის გაწეული დახმარების ყველაზე პრაქტიკული ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე მოსკოვის შესაძლებლობებშია.