ისრაელში აშშ-ის საელჩომ რეკომენდაცია გაუწია ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქალაქების გარეთ გამგზავრებისგან, სადაც ამერიკის დიპლომატიური და საკონსულო ოფისებია განთავსებული.

„უსაფრთხოების მიზნით, ირანის თავდასხმებზე ისრაელის პასუხის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა შეზღუდონ პირადი მიზეზების გამო გამგზავრება თელ-ავივიდან, ასევე იერუსალიმიდან და ბერ-შევადან შემდგომ გაფრთხილებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ისრაელში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. 

„უსაფრთხოების სიტუაცია რჩება კომპლექსური და შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო მოვლენების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარასკევს ღამით ცნობილი გახდა, რომ ისრაელელებმა დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქ ისპაჰანზე მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გვარდიის (IRGC) ძალები 14 აპრილის ღამეს უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით თავს დაესხნენ ისრაელს. ეს იყო თეირანის პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე ირანელი სამხედრო მრჩეველი, მათ შორის IRGC-ის ორი გენერალი.