უოლ-სტრიტის ხარის მძვინვარების და ფლაგმანური ინდექსების რეკორდული აღმასვლის ფონზე - ამერიკულმა ბირჟამ ევროპულ და აზიურ ინდექსებს მნიშვნელოვნად გადაუსწრო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსს ერთწლიან პერიოდში 14%-იანი ზრდა აქვს, S&P 500-ის ინდექსი კი 13.5%-იან მატებას აფიქსირებს. რაც შეეხება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, ამ მიმართულებით დაახლოებით 6%-იანი ზრდა ფიქსირდება.

შედარებისთვის, ევროპული ფლაგმანური ინდექსის, Stoxx 600-ის შეფასება ერთ წელიწადში სულ რაღაც 5.3%-ით არის გაზრდილი, ანუ ამერიკულ ინდექსს თითქმის 2.5-ჯერ უკეთესი შედეგი აქვს. მართალია, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Stoxx 600-ის და S&P 500-ის სხვაობა მინიმალურია, თუმცა 1-წლიან და 5-წლიან პერიოდში უოლ-სტრიტს 2-ჯერ უკეთესი შედეგი აქვს.

ამერიკასთან შედარებით კრიტიკულ ჩამორჩენას აფიქსირებს იაპონური Nikkei 225 ინდექსიც, რომელიც 1-წლიან პერიოდში 1%-ით გაიზარდა, ანუ ამერიკულ Nasdaq-ს იაპონურ Nikkei-სთან შედარებით 14-ჯერ უკეთესი შედეგი აქვს.

საერთო ჯამში, გლობალური საბაზრო ტენდენცია ერთ მარტივ მოცემულობაზე მიუთითებს - გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკულ საფონდო ბირჟას კონკურენტი არ ჰყავს, რასაც სილიკონის ველის და უოლ-სტრიტის დომინაცია განაპირობებს.

bm.ge