AI-პრეპარატების კვლევის სტარტაპ Insilico-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პრეპარატები კომერციულად ხელმისაწვდომი ათწლეულის ბოლოსთვის იქნება. კომპანია გეგმავს, რომ ამ მიმართულებით ისინი პირველები იყვნენ.
Bloomberg Television-თან ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადების მიხედვით, Insilico Medicine-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს ჟავორონკოვი, პირველი პრეპარატის ბაზარზე გაშვებას უახლოეს 5-6 წელიწადში მოელის. მისივე განცხადებით, სტარტაპი უკვე 40-ზე მეტ პროგრამაზე მუშაობს და შესაბამისად, ელოდებიან, რომ ბაზარს AI-პრეპარატებს პირველები სწორედ ისინი შესთავაზებენ.
ჟავორონკოვის თქმით, Insilico, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს მუშაობის ყველა ეტაპზე იყენებს – მათ შორის, სამიზნე ჰიპოთეზიდან წამლის ოპტიმიზაციამდე. მისივე განცხადებით, ამ მიდგომით, ადამიანებზე კვლევისთვის მზა პრეპარატებს უზრუნველყოფენ.
Insilico, ამ ეტაპზე, აშშ-ში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთსა და კანადაშია წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ კი სტარტაპმა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დასალისტად განაცხადიც წარადგინა. დალისტვაზე განაცხადის წარდგენამდე, სტარტაპის ღირებულებამ, დაფინანსების კერძო რაუნდით, $1 მილიარდს გადააჭარბა.
ფარმაცევტული ინდუსტრია AI-ის ჩართულობას მედიკამენტების წარმოების დაჩქარებისა და ხარჯების შემცირების კუთხით წლებია, იკვლევს. ფარმაცევტული კომპანია Tekada ამჟამად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატის ტესტირების ბოლო ეტაპზეა. კვლევის საბოლოო მონაცემები, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.