თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაზრის დივერსიფიკაცია ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მერმა ჟურნალისტებს ირანთან სავაჭრო ურთიერთობების ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება არასწორია.

„ზოგადად, ბაზრის დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე. მოუსმინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, თუნდაც ირანთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას, ყოველთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება საინტერესო და ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. ამაში ცუდი არაფერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს, მერის თქმით, საქართველო ამ მიმართულებითაც მიმზიდველი ქვეყანაა რეგიონში.

„ჩვენ ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და საქართველო ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა რეგიონში. მაგალითად, ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ, საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და აქ წარმოებული პროდუქტი გავიდეს თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და ამას ვიყენებთ. სწორად ვაკეთებთ ყველაფერს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.