2024 წელს ევროკავშირში არაწევრ მოქალაქეებზე 3.5 მილიონი პირველადი ბინადრობის ნებართვა გაიცა. Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით პირველადი ბინადრობის ნებართვები 8.3%-ით შემცირდა, რაც 315 700 ნებართვის ტოლფასია.
ინფორმაციისთვის, პირველადი (პირველი) ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები გასცემენ EU-ის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეზე. ამ დოკუმენტის საფუძველზე, ევროკავშირის არაწევრ მოქალაქე აქვს უფლება ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში განსაზღვრული დროით და მიზნით ცხოვრების კანონიერი უფლება. ეს მიზნები ხშირად მოიცავს მაგალითად სწავლას, დასაქმებას, ოჯახის წევრთან გადასვლას, ჰუმანიტარული და ა.შ.
Eurostat-ის ანგარიში აჩვენებს, რომ 2024 წელს გაცემული ნებართვების უდიდესი ნაწილი დასაქმებაზე მოდიოდა (1.1 მლნ), რასაც ჯამურ ნებართვებში 31.9%-იანი წილი ეკავა. მიუხედავად დიდი წილისა, 2023 წელთან შედარებით დასაქმებისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვები 12.2%-ით (-155 500) შემცირდა.
დასაქმებისას რეიტინგში მოსდევდა ოჯახური მიზეზები. ამ შემთხვევაში გასულ წელს 950 600 პირველი ბინადრობის ნებართვა გაიცა, წილი კი 27.1%-ს შეადგენდა. ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება წლიური კლება 6.5% (-65 800).
ანგარიშის თანახმად, სხვა მიზეზებმა, მათ შორის საერთაშორისო დაცვამ, წილის მეოთხედზე ოდნავ მეტი (25.3%; 886 300) შეადგინა, რაც 10.0%-იან კლებაზე (-98 900) მიუთითებს. განათლების მიზეზებმა პირველადი ბინადრობის ნებართვის 15.7% (549 400) შეადგინა, რაც ერთადერთი მიმართულებაა, სადაც წლიური ზრდა ფიქსირდება (+4 500).
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნებართვა გაცემულია უკრაინის მოქალაქეებზე და 2024 წელს 295 623 შეადგინა. მას კი მოსდევდა ინდოეთი 192 445 ნებართვით. ამასთანავე მაღალი იყო მაროკოს (188 420), სირიის (185 913) და ბელარუსის (174 790) წილი.
რაც შეეხება საქართველოს, 2024 წელს ევროკავშირში პირველადი ბინადრობის ნებართვა მიიღო 30 974-მა საქართველოს მოქალაქემ. საქართველოს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების მაჩვენებლები კი ასეთია:
- თურქეთი - 111 515 ნებართვა;
- რუსეთი - 78 779 ნებართვა;
- აზერბაიჯანი - 13 478 ნებართვა;
- სომხეთი - 9 251 ნებართვა.