უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნაწილი, სავარაუდოდ, საფრანგეთსა და დუბაიში უძრავ ქონებაში დაბანდდა
საფრანგეთის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ლუვრში შესასვლელი ბილეთებით მანიპულირებდა და ამ გზით 10 მილიონი ევრო მიითვისა. ამის შესახებ გამოცემა Art Newspaper-ი იტყობინება. თაღლითობის საქმეზე სამშაბათს, 17 თებერვალს, 9 პირი დააკავეს, მათ შორის - სქემის ორგანიზატორი და მუზეუმის ორი თანამშრომელი. ჯგუფზე თვალთვალი 2024 წლის ბოლოდან დაწესდა, როდესაც გამომძიებლებმა დააფიქსირეს, რომ ყოველდღიურად ლუვრში 20 ტურისტული ჯგუფი ერთი და იმავე ბილეთის მრავალჯერადი გამოყენებით შედიოდა.
გამოძიება მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომელიც „ორი ჩინელი გიდის ხშირ გამოჩენას“ შეეხებოდა; ეს გიდები, გადასახადების თავიდან არიდების მიზნით, სხვადასხვა დამთვალიერებლისთვის ერთი და იმავე ბილეთებს მრავალჯერადად იყენებდნენ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სქემა 10 წლის წინ ამოქმედდა. მათივე შეფასებით, თაღლითობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 10 მილიონი ევრო შეადგინა. პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამოღებულია 957 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული, მათ შორის - 67 000 ევროს ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში, 486 000 ევრო კი ეჭვმიტანილთა საბანკო ანგარიშებიდან მოიხსნა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ უკანონო შემოსავლის ნაწილი საფრანგეთსა და დუბაიში უძრავ ქონებაშია დაბანდებული.
პროკურორის ბრძანებით, ერთ-ერთი დაკავებული პატიმრობაში რჩება. ის ყალბ დოკუმენტებს იყენებდა, ჩართული იყო ფულის გათეთრებაში და ხელს უწყობდა საკონტროლო პუნქტებზე ტურისტული ჯგუფების უსასყიდლოდ გატარებას. პოლიციამ შემოწმება ვერსალის სასახლეშიც დაიწყო, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი თაღლითური სქემა იქაც მოქმედებს.
ამ დანაშაულის გამოაშკარავება იმ დროს მოხდა, როცა ლუვრის მუზეუმი ისედაც ძლიერი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იმყოფება. გასულ კვირას წყლის გაჟონვამ ლუვრის ერთ-ერთ დარბაზში რამდენიმე ნახატი დააზიანა, ხოლო გასული წლის ოქტომბერში მოხდა 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ექსპონატების გატაცება, რომლებიც დღემდე არ არის ნაპოვნი.
წყარო: 1 არხი