"დღესდღეობით ტურიზმის სექტორში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებები ქვეყნისთვის სასარგებლოა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იზრდება", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე.

როგორც მან BMG-ის უთხრა, ტოპ 10 ვიზიტორ ქვეყანას შორის, ევროკავშირის ქვეყნები ფაქტობრივად გაქრა და მათი ადგილი აზიის ქვეყნებმა დაიკავა. "ეს ტენდენცია კი გრძელვადიან პერიოდში შეიძლება გადაითარგმნოს ვიზიტორების ნაკადების ზრდად ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში შედარებით დაბალ კონტრიბუციას უზრუნველყოფენ", - ამბობს გიორგი ბრეგაძე.

საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირიდან, საიდანაც როგორც წესი, ტურისტები უფრო მეტს ხარჯავენ, შემოსავლები კი იზრდება, თუმცა მისი წილი ვიზიტებში ჯერ კიდევ დაბალი რჩება. მაგალითად, შარშან ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების დანახარჯები წლიურად 16%-ით 660 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი დაახლოებით 1321 დოლარს შეადგენდა.

"თავისთავად, ეს ცვლილება აისახება ვიზიტორების საშუალო დანახარჯებზეც, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ევროპელი ვიზიტორები საშუალოდ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ. მათ ასევე ახასიათებთ არაერთი დადებითი ეფექტი, რაც გამოიხატება ადგილობრივი ტურიზმის გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართულობით, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მიზნობრივი სეგმენტისთვის.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტების წილი კვლავ დაახლოებით 70%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. კოვიდამდე პერიოდთან შედარებით სტრუქტურაში გარკვეული ცვლილება მოხდა მეზობელი ქვეყნების წილი შემცირებულია, თუმცა არა მაღალმხარჯველიანი სეგმენტის ზრდის ხარჯზე. აღნიშნული ცვლილება ძირითადად აზერბაიჯანიდან ვიზიტების შემცირებით არის გამოწვეული, რაც დაკავშირებულია სახმელეთო საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებთან.

მთლიანობაში, ვიზიტორების სტრუქტურა ბოლო პერიოდში დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებითად უცვლელია. თუმცა პრობლემურად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ თავად სტრუქტურის ანატომია შეიცვალა: თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან დაფიქსირებულ ზრდას დავაკვირდებით, ზრდა ძირითადად აზიის ქვეყნებიდან შეინიშნება, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ზრდა შედარებით სუსტია", - აღნიშნა მან.

წყარო: bm.ge