ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, სექტემბერში იუნესკოს მისია ჩამოვა და მათთან კონსულტაციით მცხეთის გენგეგმის პროექტი დაიდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
ნინო ენუქიძეს "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთაზე ჰკითხე, სადაც უკვე რამდენიმე წელია გენგეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ხუნდაძე დაინტერესდა როგორ იმუშავებს ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის ზონებში კონკრეტულად კი მცხეთაში, რაზედაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა:
"მცხეთის მაგალითი ძალიან სამწუხაროა, რადგან 2016 წლიდან მცხეთაში პროცესი ვერ დასრულდა. სექტემბერში კულტურის სამინისტრო ელოდება იუნესკოს მისიას, ანუ მცხეთა თავის მხრივ იუნესკოს დაფარვის ზონაშია და ამანაც გამოიწვია გრძელვადიანი დაურეგულირებლობა და შეუთანხმებლობა. სექტემბერში როცა ეს რეაქტიული მისია ჩამოვა მათთან კონსულტაციის შედეგად, საბოლოო გენგეგმის პროექტი დაიდება და სწრაფად წავიწევთ წინ. ამ [ახალმა] კანონმა შეიძლება ქნას ის, რომ სივრცითი განვითარების სააგენტომ მაგალითად მცხეთაში შესაბამისი თემატური გეგმა შემოიღოს და თქვას, რომ ვინაიდან მაღალი კულტურ-ისტორიული მოთხოვნების დაკმაყოფილება გვიწევს, შესაბამისი თემატური გეგმა შეიძლება შემუშავდეს. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ ნაწილში შესაძლოა შეიცვალოს ქმედებები, გარკვეულ ნაწილში კი დაიშვას. თუმცა ესეც საჭიროებს იუნესკოსთან შეთანხმებას", - განაცხადა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.
"ოცნების" მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:
- საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას გარდამავალ პერიოდში, რათა ქაოსური განაშენიანების რისკი შემცირდეს;
- დეტალური გეგმების ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებას – ორი ეტაპის ნაცვლად, ერთი ეტაპის დანერგვით;
- დოკუმენტბრუნვის სრული დიგიტალიზაციას, რაც პროცესის გამჭვირვალობას და კონტროლს გააძლიერებს;
- ესთეტიკური სტანდარტების განსაზღვრას საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რადგან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს აქამდე შესაბამისი რეგულაციები არ დაუმტკიცებიათ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ამჟამად სივრცის დაგეგმარების გეგმებით დაფარული არ არის, ხოლო მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი ამ პროცესის დროულად დასასრულებლად, რის გამოც ამჟამად არსებული ვადა, რაც სივრცითი დაგეგმარების 80%-ის მოცვას 2028 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს უმჯობესია მთელი 7 წლით, 2035 წლამდე გადაიწიოს.