სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობაში მოყვანის კუთხით წინსვლა არ განუცდია. პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა. საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის ნაკლები შესაბამისობა ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს არ წარმოადგენს. თუმცა, კომისია იხსენებს, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სამეზობლოში ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.

„ანგარიშის მომზადების პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის. 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და 2024 წლის სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება ფუნდამენტური უფლებების დაცვის საერთო საკანონმდებლო ბაზას ძირს უთხრის. ორივე ინიციატივა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს არღვევს, კერძოდ, გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად იქნა მიღებული. შემაშფოთებელი ცნობები მოთხოვნებისა და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების შერჩევითი და პირობითი კონტროლის რისკს ზრდის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე მიიღო.

„საკანონმდებლო პაკეტი ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის და სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას ზრდის“, - აცხადებს კომისია.

წყარო: ინტერპრესნიუსი