საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირდაპირი გავლენა ყველაზე მკვეთრი ტურიზმის სექტორზეა. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა განაცხადა, რომ ტურისტულ სექტორს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს, თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გაიწელება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გარკვეული ჯგუფური ტურები უკვე გაუქმდა, რაც სექტორისთვის შემოსავლების კლებას წარმოადგენს.

აბსოლუტური გაურკვევლობაა, ვერ ვიგებთ რა უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები, მაგრამ მინდა გითხრათ, შემდეგ მოხდება კონკურენცია ფასების დემპინგზე და არა ხარისხზე. როგორც პანდემიის დროს ისევე ახლაც გადარჩენისთვის მოგვიწევს ბრძოლა, თუ რა თქმა უნდა, არ დაასრულებენ დროულად ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს.

ძალიან ბევრი ტურისტული ჯგუფი უკვე ჩაგვეხსნა თუნდაც კორეიდან და ჩინეთიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ტურისტებს ეშინიათ ფრენის, რადგან ომის ფონზე არ იციან უკან როგორ დაბრუნდებიან“. - განაცხადა მაიკო მურაჩაშვილმა.