arabian business-ის გავრცელებული ინფორმაციით, ომანი 2040 წლისთვის ტურიზმის სექტორში $31 მილიარდის  ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, აზან ალ-ბუსაიდმა, ITB Berlin-ზე განაცხადა.

ალ-ბუსაიდიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს ომანმა მიიღო რეკორდული, 4 მილიონი ვიზიტორი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს (2.9 მილიონი ვიზიტორი) 38%-ით აღემატება.

ამჟამად სასულთნოს ხელისუფლება მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს ინიციატივები მოიცავს სავიზო პროცედურების გამარტივებას და შეზღუდვების შემსუბუქებას მოგზაურთათვის, 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

გარდა ამისა, ომანი 5,9 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს 360 პროექტში, რომლებიც მიმართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

ცნობისთვის, ომანის საელჩოს ინფორმაციით, GCC ქვეყნების (ბაჰრეინის სამეფო, ქუვეითის სახელმწიფო, კატარის სახელმწიფო, საუდის არაბეთის სამეფო და არაბთა გაერთიანებული საამიროები) მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა ომანში შესასვლელად.  ომანში ვიზიტორებისთვის ვიზის მიღების პროცესს მართავს სამეფო ომანის პოლიცია (ROP).

„ომანელები გამოირჩევიან გულუხვი სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით. თუმცა, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, სტუმრებმა პატივი უნდა სცენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ეტიკეტს.

დაფასებულია კონსერვატიულად ჩაცმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიური ადგილების მონახულებისას. ხმაურიანი ან დაუმორჩილებელი ქცევა (ან ჟესტები) არ არის მისასალმებელი.

ტურისტებს და ვიზიტორებს შეუძლიათ იყიდონ და დალიონ ალკოჰოლი ლიცენზირებულ ადგილებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და კლუბები. ალკოჰოლის დალევის კანონიერი ასაკი 21 წელია.

ომანში ელექტრონული სიგარეტების იმპორტი და გამოყენება უკანონოა.

რამადანის წმინდა თვეში აკრძალულია საჯაროდ ჭამა, დალევა და მოწევა დღის საათებში, მუსლიმებისთვის და არამუსლიმებისთვის,“ - აღნიშნულია ომანის საელჩოს ვებგვერდზე.