"ევროპიდან საერთოდ შეწყვიტეს შემოსვლა, ადრე გვყავდა ფრანგები, გერმანელები, ახლა აღარავინ შემოდის",- ამის შესახებ "გეორგინას", სასტუმროების "აივანი", "არტ ბურიანი" და "ზერტას" დამფუძნებელმა ციცო ფუტკარაძემ გადაცემაში "სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელმა, არსებული კრიზისის ფონზე, ჯავშნები მოხსნა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სასტუმროების კრიზისი. "დღეს სასტუმროებს უფრო უჭირს, ვიდრე დანარჩენ ბიზნესს", - განაცხადა ფუტკარაძემ.
მისი თქმით, ტურისტული სფეროსთვის პანდემიიდან მოყოლებული პრობლემები არ დაილია, პირიქით, წნეხი ინდუსტრიაზე გაძლირდა სხვადასხვა ფაქტორების გავლებით.
"დავიწყებ პანდემიით. პანდემიის დროს ყველა დავსხედით სახლებში, სასტუმრო დაკეტილი იყო. რა თქმა უნდა, ხელი შეგვიშალა ამ ყველაფერმა. პანდემიის შემდეგ იყო კრიზისი. ევროპიდან საერთოდ შეწყვიტეს ჩვენთან შემოსვლა. ადრე შემოდიოდნენ ისრაელიდან, გვყავდა ფრანგები, გერმანელები. ახლა აღარავინ შემოდის. მხოლოდ ისრაელიდან ჩამოდიოდნენ და ახლა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ჯავშნები მოიხსნა. შეიძლება ამ უბანს შერჩეს ტურისტი, იმიტომ, რომ ცენტრალური უბანია, გარეუბნებში სასტუმროები არიან კატასტროფულ მდგომარეობაში. გაუუქმდათ ორასკაციანი ჯგუფები. ჩემს სასტუმროებს რაც შეეხება, თუ იწყება ყველაზე ადრე აქ იწყება სეზონი და ტურისტი აქ შემოდის უფრო და თუ მილევადია ტურისტი, მაშინაც ყველაზე გვიან აქ მიილევა. ამის საშუალებას ლოკაცია გვაძლევს. ზოგი სასტუმროსთვის კი კატასტროფაა. ზოგს იჯარით აქვს აღებული და აქვს ვალდებულებები. როდესაც მოიჯარე ხარ, კრიზისის დროს, თვითშეგნება უნდა გქონდეს და გაუწიო ანგარიში. უნდა მოხდეს თანხის გადავადება ან შემცირება. სხვანაირად არ გამოვა. სასტუმროებს უფრო უჭირს ახლა, ვიდრე სხვა დანარჩენ ბიზნესს," - ამბობს ფუტკარაძე.
კითხვაზე დღევანდელი ეკოსისტემა და გარემო რამდენად არის პრობიზნესური და ბიზნესზე მორგებული, ფუტკარაძის პასუხი ასეთია:
"შეიძლება, რომ რაღაც არ მოგწონდეს და პრეტენზიები გქონდეს, რაღაცებში კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ მე ვარ კანონმორჩილი. მეუბნებიან ასე უნდა იყოს და მე აღარ გამოვთქვამ ჩემს პრეტენზიას. ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც კანონს შეეფერება. ცოტა ბევრის გადახდა გვიწევს, რაღაცები არ არის მოსაწონი, მაგრამ ამას ჩვეულებრივად მივყვებით."