დაბა ბაკურიანში წელს შესაძლოა, გზებზე ტექნიკური მარილი აღარ დაიყაროს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ განუცხადა, ის სავარაუდოდ, სპეციალური სითხით ჩანაცვლდება.
თავდაპირველად ინფორმაცია, რომ ზამთრის კურორტებზე ტექნიკური მარილის გამოყენება აღარ იგეგმებოდა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა.
„შევეცდებით, რომ ტურისტულ ზონებში უკვე წელს ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებითაც არის საკმაოდ დამაზიანებელი“, - განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ალტერნატიული საშუალებებით უნდა ჩანაცვლდეს მარილი.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ინიციატივა „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ეკუთვნის. სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკა ორჯონიკიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ტექნიკური მარილი ამახინჯებდა როგორც ზამთრის კურორტის იერსახეს, ასევე დიდ დისკომფორტს ქმნიდა გადაადგილების კუთხითაც.
„სააგენტო შექმნის დღიდან აინიცირებს, რომ არ დაიყაროს მარილი დაბის ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვგულისხმობთ უშუალოდ წაღვერი-ბაკურიანის გზის მაგისტრალს, იმიტომ, რომ სადაც არის თავდაღმართი ადგილები, იქ უნდა დაყარონ. ეს საპატრულოს და საგზაო დეპარტამენტის ერთობლივი პრეროგატივაა.
წელსაც საპატრულოს და საგზაო დეპარტამენტს გავუგზავნეთ ჩვენი პოზიცია, ერთი თვის წინ შეხვედრაც გვქონდა, სადაც ზამთრის სეზონთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე ვიმსჯელეთ და იქაც გავაჟღერეთ ეს საკითხი. საკითხი მხარდაჭერილი იქნა. გვითხრეს, რომ დაბაში არ დაიყრება მარილი და იქნება ალტერნატიული საშუალება. ამ შემთხვევაში განიხილება სპეციალური სითხე, რომელიც ევროპაში უკვე აპრობირებულია და მინახავს კიდეც ჩემი თვალით, როგორ ასხამენ. ჩვენს ქვეყანაში ახალია, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ზამთრის კურორტებზე.
მარილი არის მუქი ფერის და ეს თეთრი თოვლი, რომელსაც ყველა ელოდება ბაკურიანში, მომენტალურად შავდება, ეს კურორტი კი სითეთრესთან ასოცირდება. ამასთანავე, თოვლი რომ ლღვება, ტოვებს ძალიან დიდ სიბინძურეს, რისი გატანის პრობლემაც დგას ხოლმე შემდეგ. მარილი შერეულია კენჭებთან თუ არ ვიცი რა სხვა მასალასთან, რომელიც საბურავებსაც და თვითონ ასფალტსაც აზიანებს. ძალიან ბევრი შემთხვევაა ხოლმე საქარე მინების გატეხვის, როცა წინა მანქანა გაისვრის ამ კენჭებს.
ასევე შევეცადეთ, რომ გამწვანებისთვის მიგვექცია დაბაში ყურადღება, ჩავრგეთ ბევრი ნარგავი. როცა იწმინდება გზა და ტროტუარებისკენ მიდის გაწმენდის შემდეგ თოვლის ნაკადი, ეს ნარგავებიც ფუჭდება. მარილი რომ იყრება და თოვლი ლღვება, ისეთი ორმულები კეთდება, ათმაგად ვარდება იქ მანქანა. პრაქტიკულად, უჭირს გადაადგილება მანქანას და იმის მაგივრად, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს, პირიქით, საფრთხის შემცველი ხდება. ძალიან ბევრი მინუსი აქვს ჩვენი გადმოსახედიდან, სამი წელია შექმნილია სააგენტო და პრაქტიკაში ვხედავთ ყველაფერს“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.
კითხვის პასუხად, ხომ არ იგეგმება აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად დაბაში კონტროლის გამკაცრება ზამთრის საბურავებით სავალდებულო გადაადგილებაზე, სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, კონტროლის მექანიზმად გასული წლის მსგავსად, წაღვერში პატრულირება იქნება გამოყენებული.
„ეს კანონიც ჩვენი ინიცირებულია, რომ ზამთრის პერიოდში მანქანები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავებით. წესით კანონიც არ სჭირდება, რომ საფრთხე არ უნდა შეუქმნა არც სხვას და არც საკუთარ თავს. იმისთვის, რომ მკაცრად აღსრულებულიყო, წაღვერში იდგა საპატრულო ეკიპაჟები და იქ კონტროლდებოდა მანქანების უმრავლესობა. ძალიან ბევრი მანქანა ბრუნდებოდა უკან იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაშესაბამისი საბურავებით მოდიოდნენ დამსვენებლები. წელს ნოემბრის ბოლოსკენ გაიმართება კიდევ ერთი საკოორდინაციო შეხვედრა და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამე სხვა კონტროლის მექანიზმი ხომ არ ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ეს იქნება იგივე, რაც იყო წინა წელს წაღვერში“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე.