„სტარლინკის“ უკრაინული ტერმინალები, რომლებიც „თეთრ სიაშია“, ფუნქციონირებენ, ხოლო რუსული ტერმინალები დაიბლოკა. „სტარლინკის“ გათიშვის გამო, რუსული ჯარები ფრონტის ხაზზე „კატასტროფას“ განიცდიან.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა და მისმა მრჩეველმა, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადეს.
ფედოროვი ამბობს, რომ „თეთრ სიაში“ შეყვანილი ტერმინალების პირველი ნაწილი უკვე მოქმედებაშია.
„სტარლინკის“ ტერმინალები, რომლებიც „თეთრ სიაში“ არიან, ფუნქციონირებენ, რუსების ტერმინალები კი უკვე დაიბლოკა. ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან ერთად, ყველა შემთხვევაზე ოპერატიულად რეაგირებს. მადლობელი ვართ სამხედროებისა და მეთაურების, რომლებმაც თავიანთი ტერმინალების ვერიფიცირება დროულად მოახდინეს. კავშირის უწყვეტობა და სტაბილურობა ფრონტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფედოროვმა.
თავის მხრივ, ბესკრესტნოვმა აღნიშნა, რომ რუსულ ჯარს, „სტარლინკის“ გათიშვის გამო, ფრონტის ხაზზე „კატასტროფა“ აქვს.
„მტერს ფრონტზე პრობლემა კი არა, კატასტროფა აქვს. მათი ჯარების მართვა და კონტროლი მთლიანად ჩამოიშალა. შეტევითი ოპერაციები ბევრ უბანზე შეჩერებულია“, - განაცხადა მან.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების შემთხვევაში, პრობლემები შეექმნათ მათ, ვინც „სტარლინკისთვის“ სიები დროულად არ წარადგინა: „ამ სიების დამუშავების პროცესი მიმდინარეობს“.
ფედოროვმა ასევე განმარტა, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების ვერიფიცირება გრძელდება.
„თეთრი სიები“ ყოველდღიურად ახლდება. თუ ტერმინალი რეგისტრაციისთვის გაგზავნეთ, მაგრამ ჯერ არ მუშაობს, უნდა დაელოდოთ. ეს ძალიან მასშტაბური პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. ამავდროულად, უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ ვერიფიცირებისთვის აუცილებელი მონაცემები რეალურ დროში გაიგზავნოს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო პირებმა თავიანთი „სტარლინკის“ ვერიფიცირება ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის მეშვეობით უნდა გაიარონ. შესაბამისი სერვისი იურიდიული პირებისთვის მალე „დიიას“ (Diia) პორტალზეც იქნება ხელმისაწვდომი.
როგორ იყენებს რუსეთი „სტარლინკს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში
2024 წლის 10 თებერვალს, მედია იუწყებოდა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში, სავარაუდოდ, ამერიკული ავიაკოსმოსური კომპანია „სფეის იქსის“ კუთვნილ „სტარლინკის“ საკომუნიკაციო სისტემებს იყენებდნენ, რაც თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ ილონ მასკის კომპანია რუსებს ეხმარებოდა.
11 თებერვალს, უკრაინის დაზვერვამ ფრონტზე რუსი ოკუპანტების მიერ „სტარლინკის“ გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ამის საპასუხოდ, ამერიკელმა მილიარდერმა და „სფეის იქსის“მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას რუსეთისთვის „სტრალინკის“ სატელიტური კავშირგაბმულობის სისტემები პირდაპირ ან ირიბად არ მიუყიდია.
„2024 წლის 25 სექტემბერს, რუსული იერიშის დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს დრონი, რომელიც „სტარლინკის“ სატელიტური კავშირით იყო აღჭურვილი“, - წერდა გამოცემა Defense Express-ი.
2026 წლის 24 იანვარს, რუსმა სამხედროებმა, კროპივნიცკის მახლობლად, დრონებით ვერტმფრენებზე მიიტანეს იერიში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა „სტარლინკით“ მართვადი „შაჰედები“ გამოიყენა.
27 იანვარს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ რუსების დრონები „სტარლინკის“ სატელიტური სისტემებით არის აღჭურვილი, 29 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, ამერიკულ კომპანია „სფეის იქსთან“ ერთად, უკვე აგვარებდა რუსულ დრონებზე „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის გამოყენების პრობლემას.
1 თებერვალს, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მისი კომპანიია „სფეის იქსის“ ძალისხმევამ, რომელიც რუსეთის მიერ „სტარლინკის“ არასანქცირებული გამოყენების შეჩერებისკენ იყო მიმართული, „შედეგი გამოიღო“. ამ ნაბიჯების ეფექტიანობა ფედოროვმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიღებულ ზომებს „უკვე რეალური შედეგები მოაქვს“.
წყარო: 1 არხი