ტოპ-მენეჯერების უმეტესობა მიიჩნევს, რომ აგენტური ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას მთავარი გამოწვევა ახალ ტექნოლოგიასთან ადაპტირებაა, თუმცა რეალურად, ეს პროცესი, პირველ რიგში, სამუშაოს სწორად მართვას უკავშირდება. ხელმძღვანელები ამას ხშირად იმიტომ ვერ აცნობიერებენ, რომ ტექნოლოგიის შესაძლებლობები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარდგენილი კვლევები, აჩვენებს, რომ კომპანიების 10%-ზე ნაკლები ახერხებს ადამიანისა და მანქანის ეფექტური ურთიერთქმედების დიზაინის შექმნას. ტექნოლოგიური კომპანიების წამყვანი ეკონომისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერულ და მათემატიკურ სფეროებში დავალებების 94%-ის ჩანაცვლება თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკაში უახლესი მოდელებიც კი ჯერ მხოლოდ ამ ამოცანების მესამედს ფარავს. ტექნოლოგიის უპირატესობების გამოსაყენებლად, აუცილებელია მისი ინტეგრირება არსებულ საოპერაციო პროცესებში.
შექმენით სამუშაოს აღწერილობა თითოეული ციფრული აგენტისთვის
როდესაც ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციაში მკვიდრდება, გუნდები ადამიანებისა და ციფრული კოლეგებისგან შედგება. შესაბამისად, ყველას სჭირდება სამუშაოს აღწერილობა, რაც პასუხისმგებლობების, გადაწყვეტილების მიღების უფლებებისა და როლების განაწილების აპრობირებული გზაა. თითოეული ციფრული აგენტისთვის მსგავსი დოკუმენტის შექმნა მენეჯერებს აიძულებს, უფრო მიზანმიმართულად გადაანაწილონ საქმე. მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს, რაზეა პასუხისმგებელი სისტემა და რაზე – არა. ბუნდოვანი დავალებები, როგორიცაა ოპტიმიზაცია ან ეფექტურობის გაზრდა, პრობლემების წინაპირობაა. ადამიანების მსგავსად, ალგორითმებიც მაშინ მუშაობენ საუკეთესოდ, მკაფიო მიზნების პირობებში. ასევე, წინასწარ უნდა დადგინდეს მისი უფლებამოსილების საზღვრები და ის შემთხვევები, როდესაც ადამიანის დასტური ხდება საჭირო.
მიმართეთ ტექნოლოგია ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად
ტექნოლოგია ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიების წარმომადგენლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება. ზუსტად ისე, როგორც ავტომატიზაციამ გააქრო მძიმე ფიზიკური შრომა წარმოებასა თუ მოპოვებით მრეწველობაში, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რუტინული, მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმის აღმოფხვრა. ციფრული აგენტებისთვის ისეთი როლების მორგება, რომლებიც ადამიანებს დამღლელი პროცესებისგან ათავისუფლებს, თანამშრომლებს ტექნოლოგიის მიღების რეალურ მოტივაციას უჩენს და ეხმარება მათ, სისტემის ნაკლოვანებები ყოველდღიური გამოცდილებით დააბალანსონ.
შეაფასეთ ციფრული აგენტები რეგულარულად
ციფრულ აგენტებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად გაზომვადი მეტრიკები სჭირდებათ. ეს მაჩვენებლები უნდა იყოს მკაფიო და სცდებოდეს მხოლოდ სიზუსტისა თუ გამოყენების სიმარტივის შეფასებას – ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს ოპერატიულობასა და საიმედოობას. ასეთი სტანდარტების არსებობა ადამიანებს უჩენს განცდას, რომ მათ ალგორითმულ კოლეგებსაც ზუსტად ისევე სთხოვენ პასუხს, როგორც მათ. გარდა ამისა, მსგავსი მეტრიკები ავლენს გასაუმჯობესებელ სფეროებს და წვრთნის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ზუსტად ისე, როგორც თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებას, ხელოვნურ ინტელექტსაც სჭირდება უკუკავშირი სწავლისთვის. საზომების გარეშე მენეჯერებს გაუჭირდებათ დასაშვებ გადახრასა და რეალურ მარცხს შორის სხვაობის დანახვა.
დაუნიშნეთ აგენტებს ადამიანური ზედამხედველი
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ციფრული აგენტების უნარზე, მართონ სხვა, უფრო მცირე აგენტების აქტივობები, რაც პროცესებს აჩქარებს და აზუსტებს. თუმცა, აუცილებლად ჩნდება კითხვა, თუ ვინ გააკონტროლებს თავად ამ მთავარ მმართველებს. ადამიანური ზედამხედველობის საჭიროება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება. ტექნოლოგიის ყოველმა ახალმა თაობამ აჩვენა, რომ არასწორი ინფორმაციის გენერირების რისკი არსებობს. მართალია, სისტემების დახვეწასთან ერთად ეს პრობლემა მცირდება, მაგრამ მაღალი რისკის მქონე პროფესიებში ინტეგრაციისას ფსონები იზრდება. ორგანიზაციები პასუხისმგებელნი რჩებიან ნებისმიერ შედეგზე, რომელსაც მათი ტექნოლოგია შექმნის. შესაბამისად, რეალურმა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ იწვრთნება სისტემა და როგორ ურთიერთქმედებს ის გუნდის სხვა წევრებთან. ამას კი ბუნებრივია, მარეგულირებლებიც მოითხოვენ.
აიყვანეთ ისინი სტაჟიორებად
ახალი ციფრული აგენტები შეიძლება ნიჭიერ სტაჟიორებს შევადაროთ. მათგან ბევრი რამის მოთხოვნა შეიძლება, მაგრამ აუცილებელია მკაფიო მითითებებისა და სტრუქტურის მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უზარმაზარი თეორიული ცოდნა იმ ამოცანების შესახებ, რომელთა შესრულებასაც იწყებენ, მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება. მათ არ აქვთ კონტექსტური ინტელექტი კომპანიის კულტურის, ღირებულებების, სტრატეგიისა თუ კონკრეტული ბაზრების შესახებ. როგორც სტაჟიორებს ვაძლევთ დროებით საცდელ პერიოდს გამოცდილების მისაღებად, ზუსტად ასევე უნდა მოვექცეთ ხელოვნურ ინტელექტსაც. ისინი სრულ განაკვეთზე თანამშრომლებად მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვაქციოთ, რაც დაამტკიცებენ, რომ დადგენილი პარამეტრების ფარგლებში მუშაობა შეუძლიათ. არცერთი სისტემა არ უნდა დაინერგოს მხოლოდ მისი თეორიული შესაძლებლობების ან სამომავლო დაპირებების საფუძველზე.
მიანიჭეთ თითოეულ აგენტს სახელი
ციფრული კოლეგისთვის სახელის დარქმევა მისი გაადამიანურებისთვის კი არ არის საჭირო, არამედ იმისთვის, რომ მისი როლი ორგანიზაციაში ცხადი და ხილვადი გახდეს. როდესაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ტექნოლოგიამ მიიღო, თანამშრომლებს უადვილდებათ მისი, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრის როლის იგნორირება, რამაც შეიძლება პროცესის საბოლოო შედეგზე მათი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა გააქროს. ხშირად საქმეში ერთზე მეტი აგენტია ჩართული, ამიტომ პასუხისმგებლობების განაწილებითა და თითოეულისთვის მკაფიო იდენტობის მინიჭებით ადამიანებისთვის მათი ფუნქციების გაგება ბევრად უფრო მარტივი ხდება.
წყარო: HBR; www.marketer.ge