ევროკავშირის სანქციების გამო 20 მარტიდან Microsoft-ის კვალდაკვალ, რუსულ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას Amazon და Google-ც დაუხურავენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციაში Microsoft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის Softline-ის განცხადებაში.

„Softline-ის კომპანიების ჯგუფის სახელით ვადასტურებთ Microsoft-ისა და Amazon-ისგან  ოფიციალური ინფორმაციის მიღებას 2024 წლის 20 მარტიდან რუსეთში ღრუბლოვან პროდუქტებზე წვდომის შეჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, Softline კომპანიების ჯგუფი ავრცელებს გაფრთხილებას Microsoft-ისა და Amazon-ის ღრუბლოვანი პროდუქტებისა და სერვისების და Google-ის ფუნქციონირების მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მითითებული თარიღიდან შეწყდება წვდომა ღრუბლოვან პროდუქტებზე, როგორიცაა (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება): Power BI, Dynamics CRM და სხვა. ჩვენ ველით, რომ შეწყვეტა ასევე იმოქმედებს ღრუბლოვან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიცავს ამ პროდუქტებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვები რუსეთთან მიმართებაში განისაზღვრება ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტით, რომელიც 2023 წლის 19 დეკემბრით თარიღდება და რომელიც ზღუდავს რუსეთში ბიზნეს-ანალიტიკას  (business intelligence (BI) Customer Relationship Management (CRM) და სხვა პროდუქტების პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას.

რუსული კომპანიებისთვის ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელი იქნება ამ პროდუქტების გამოყენება ან მათში შემავალი მონაცემების წვდომა 2024 წლის 20 მარტიდან, აცხადებენ Softline-ში

შეგახსენებთ, ამერიკულმა კორპორაციამ Microsoft-მა წერილი გაუგზავნა რუსულ კომპანიებს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის 20 მარტიდან დახურავს წვდომას თავის ღრუბლოვან პროდუქტებზე რუსული ორგანიზაციებისთვის.