მედია-გამოცემა „კიევ ინდეპენდენტი“, უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ იარაღის მწარმოებელი ესტონური კომპანია „ფრანკენბურგ ტექნოლოჯისი“ უკრაინას ტესტირებისთვის საზენიტო რაკეტებს გადასცემს.

„კიევი თავის პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი მიწოდება უზრუნველყონ, რადგან რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს“, - წერს „კიევ ინდეპენდენტი“.

„რაკეტები, რომლებიც უკრაინაში უახლოეს თვეებში ჩამოვა, დრონებთან საბრძოლველად არის შექმნილი და სამიზნეების ჩამოგდება 2 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლიათ“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„ფრანკენბურგ ტექნოლოჯისის“ აღმასრულებელი დირექტორი და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მუდმივი მდივანი, კუსტი სალმი ამბობს: „ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში. ამისათვის მათ ვთავაზობთ ახალი იაფი რაკეტის ნიმუშს საჰაერო სამიზნეების, უპირველესად კი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებისთვის“.

სამხედრო-სამრეწველო კომპანია „ფრანკენბურგ ტექნოლოჯისი“ 2024 წელს დაარსდა და მისი სათაო ოფისი ტალინში მდებარეობს. ამჟამად კომპანია უკრაინაში, ლატვიასა და ესტონეთში ოპერირებს.

„ფრანკენბურგ ტექნოლოჯისის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი სალმმა სექტემბერში, მას შემდეგ დაიკავა, რაც ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო დატოვა.

ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი მარტინ ჰერემი და მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი, ვეიკო-ველო პალმიც კომპანიას წელს, ასევე ესტონეთის შეიარაღებული ძალების დატოვების შემდეგ შეუერთდნენ.

„ჩვენი მიზანია ისეთი სარაკეტო სისტემების შემუშავება, რომლებიც ათჯერ უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ასჯერ უფრო სწრაფად იწარმოება, თანაც იმ რაოდენობით, რომელიც სამხედრო ინდუსტრიის ამჟამინდელ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება“, - აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: 1 არხი