ჩინელმა მეცნიერებმა წყალბადზე დაფუძნებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოცდისას შეძლეს დეტონაციის მიღება ბირთვული მასალების გამოყენების გარეშე. ინოვაცია განახორციელა ჩინეთის სახელმწიფო გემთმშენებელი კორპორაციის (CSSC) 705-ე სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელიც წყალქვეშა შეიარაღებაზეც მუშაობს.
მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდრიდი, ქიმიური ნაერთი, რომელიც გამოიყენება წყალბადის 7%-ზე მაღალი კონცენტრაციით შენახვისთვის. ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერების გააქტიურებისას მაგნიუმის ჰიდრიდი სწრაფად იშლება ტემპერატურის ზემოქმედებით და გამოყოფს წყალბადს. აირი აალდება და იწვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გამოცდის დროს გამოიყენეს ორკილოგრამიანი (2 კგ) ბომბი. აფეთქების შედეგად რამდენიმე წამის განმავლობაში წარმოიქმნა ცეცხლოვანი ბურთი, რომლის ტემპერატურა, ორ წამზე მეტი დროის განმავლობაში, აღემატებოდა 1000 გრადუსს ცელსიუსით. „შედარებისთვის, ტროტილის ანალოგიური რაოდენობა წარმოქმნის ცეცხლოვან სფეროს, რომლის "სიცოცხლის ხანგრძლივობა" 15-ჯერ ნაკლები იქნებოდა“, - განმარტავენ სპეციალისტები.
ჩინელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია აფეთქების ინტენსივობის ზუსტი რეგულირება, რაც საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილი იყოს სამიზნეების თანაბარი დაზიანება დიდ ფართობზე.
წყარო: "რადიო თავისუფლება"