ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა. 

რეაბილიტირებული მონაკვეთი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. 

როგორც მერმა აღნიშნა, გაზაფხულზე დაიწყება  ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. 

„პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან მართლაც რთული იყო - გადათხრილი ქუჩები, მტვერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ადგილობრივ მოსახლეობას ფეხით უწევდა გადაადგილება სამუშაოების გამო. მადლობა მათ მოთმინებისთვის, თუმცა დღეს  ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი და გალამაზებულია. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. კვირა არ გავიდოდა, რომ GWP არ შემოსულიყო ავარიულობის გამო სამუშაოების ჩასატარებლად, იმდენად მძიმე იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობა. მთლიანად შეცვლილია ყველაფერი, განახლდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურაც, გაჩნდა ტროტუარები და ფეხით მოსიარულეებს უწყვეტად შეუძლიათ გადაადგილება. ამ მხრივ უდიდესი პრობლემა იყო, მშობელს ეტლით ვერ გადაჰყავდა ბავშვი. დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები, განათების ახალი ბოძები Led სანათებით, ტროტუარების მინათებები; ელექტროგადამცემი სადენები მიწის ქვეშ არის ჩატანილი; დაახლოებით 32 საპარკინგე ადგილი შეიქმნა; მოეწყო  დამჭერი კედლები, რომლის გამწვანებაც არის დაწყებული. ჩვენ ამით არ ვასრულებთ, ვაპირებთ გაზაფხულზე დავიწყოთ უსაფრთხოების კუნძულებიდან კუს ტბის ასახვევამდე მონაკვეთის მოწესრიგება. სასაფლაოს წინ არსებული გზა მძიმე მდგომარეობაშია, ის გაფართოვდება. იქ არის გაზის მილი, რომლის გადატანა მოხდება და მოწესრიგდება თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. 

პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, გარკვეულ მონაკვეთებში  გზის სავალი ნაწილი  გაგანიერდა, უსაფრთხოებისთვის რკინაბეტონის ფერდის დამცავი კედლები აშენდა, ასევე, არსებული ტროტუარები რეაბილიტირდა, ხოლო სადაც  არ არსებობდა, ახალი ტროტუარები მოეწყო. 

ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი Led სანათებით, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, სავალი ნაწილი  დაიხაზა და სატრანსპორტო ნიშნები განთავსდა. ასევე, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და  მოეწყო მიწისქვეშა ურნები. 

გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 659 ნერგი დაირგო, ასევე 3 200 მ2 ფართობზე ბალახი დაითესა და  სარწყავი სისტემა მოეწყო. გარდა ამისა, საგზაო  ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.