2025 წელი ზოგიერთი მიმართულებით შედარებით ნორმალური წელი იყო, ზოგისთვის კარგი, ზოგისთვის - ცუდი, - ასე აფასებს მიმდინარე წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

მისი განმარტებით, დიდთოვლობამ 2025 წლის დასაწყისში გარკვეული პრობლემები შექმნა სათბურების, ციტრუსისა და მოცვის მიმართულებით, რაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა და წარმოებას გარკვეული დაღი დაასვა. ასევე, იყო საგაზაფხულო ყინვები შიდა ქართლში, კახეთში, რამაც მეხილეობასა და კაკლოვან კულტურებს შეუქმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ივნის-ივლისში წვიმიანმა ამინდებმა გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა მარცვლეულზე, თუმცა პრობლემები შეუქმნა მევენახეობას დარგს.

„საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მარცვლეულის მიმართულებით ნორმალური წელი იყო და ფერმერებმა კარგი მოსავალი მიიღეს. მევენახეობის კუთხით მოსავალი დიდი იყო, მაგრამ პრობლემა აღმოჩნდა ხარისხი, რაც განსაკუთრებით კახეთს ეხება - ამინდიდან გამომდინარე, ყურძენს შაქრიანობის დაგროვება გაუჭირდა, რომლის დიდი რაოდენობის ჩაბარებაც სახელმწიფოს მოუწია - ეს რთველი სახელმწიფოს 200 მილიონზე მეტი დაუჯდა“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ყურძნისგან განსხვავებით, დადებითი შედეგები მიიღეს ფერმერებმა, რომლებიც თხილის მიმართულებით მუშაობენ.

„დიდთოვლობამ იმავე ჩვენს მეზობელ თურქეთში თხილის პლანტაციებზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც დეფიციტი შექმნა და ეს დადებითად აისახა საქართველოზე. დიდი ხანია, თხილზე ფასი 10 ლარს გასცდა, რაც ბოლო წლების რეკორდია, 2014 წლის შემდეგ ასეთი ფასი აღარ ყოფილა. შესაბამისად, თხილის სექტორისთვის მეტ-ნაკლებად კარგი წელი იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შეძლო და თხილი შეინახა“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.