საქართველოში ნარინჯისფერი რთვლის სეზონი ახლოვდება. ექსპორტიორები წელს კარგ მოსავალს ელიან - გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-იან ზრდას, რის მიზეზადაც შესაბამის ამინდს ასახელებენ.

თუმცა, პოზიტიური მოლოდინი მეტწილად იმითაცაა განპირობებული, რომ ჯერჯერობით ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელია.

„თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, ამ ეტაპისთვის ცუდი ნაყოფი არ ჩანს. რაოდენობას რაც შეეხება, გასულ წლებთან შედარებით 20-30%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. ფაროსანა მწვავე პრობლემაა. ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა მოსავალს დაკრეფ, გაყვითლებულ მანდარინს უფრო ემჩნევა. თანაც, ფაროსანას მიერ დაზიანებული მანდარინი დაკრეფამდე იწყებს ცვენას და უამრავ ზარალს აყენებს ფერმერს.

ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ნაადრევი მანდარინი გადის, ისიც ადგილობრივი მოხმარებისაა. ადრეული მანდარინი სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს. ახლა დაიწყო დარგვა, მაგრამ 7-8 წელი სჭირდება, რომ სრულ მსხმოიარობაში შევიდეს. ახლა რა ფასიც ადევს მანდარინს, ეს ადრეული ფასია. ასეთი მაღალი ფასი იმიტომ აქვს, რომ ახალი ხილია.

ნორმალური, სტანდარტული მანდარინის ფერმერიდან შესასყიდი ფასი დაახლოებით 1.10 თეთრის ფარგლებში იქნება, როგორც გასულ წელს, ხარისხის შესაბამისად“,- ამბობენ „აგრო ინვესტ სერვისში“.

როგორც „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი ვაჟა მკურნალიძე ამბობს, გაძვირებული ლოგისტიკური ხარჯის და ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გათვალისწინება ციტრუსის რთველი შეფასებისას აუცილებელი იქნება.

„ფასი შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის პროცედურა წავა მეტ-ნაკლებად ნორმალურად. გასული წლის შემთხვევა თუ განმეორდა, ფასი, რა თქმა უნდა, დასაწყისში იქნება, მაგრამ როცა მასობრივად დაიწყება კრეფა, დაეცემა. გასულ წელს ციტრუსის ექსპორტი, ფაქტობრივად, 10 დღეში „მოკვდა“. ლოგისტიკა შეჩერდა და ავტომატურად ექსპორტიორებიც გაჩერდნენ“,- ამბობს ვაჟა მკურნალიძე.

2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის ექსპორტი გაორმაგდა. მკურნალიძის თქმით, ეს ქართული ციტრუსის ექსპორტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან აფხაზეთში მოსავლის ძალიან მცირე რაოდენობაა, ექსპორტის გაორმაგება კი რეალურ სურათს არ ასახავს.

„სამწუხაროდ, ქართული მანდარინისთვის რუსეთია მთავარი საექსპორტო ბაზარი. აფხაზეთიდან ექსპორტს რაც შეეხება, იქ ბაღების 90%-ი ამორტიზებული და მოუვლელია, მხოლოდ ცალკეული ფერმერები თუ უვლიან ბაღებს.

ის, რომ აფხაზეთიდან ყოველწლიურად ციტრუსის ექსპორტი იზრდება, აბსურდია. თუ ეს გაორმაგება და ზრდის ციფრები სწორია, შესაძლებელია, იმის შედეგია, რომ აფხაზეთში წარმოებულ მანდარინთან ერთად ასევე ჩვენგან გადასული მანდარინი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც „აფხაზური მანდარინი“ ისე შედის რუსეთის ტერიტორიაზე. ეს პოლიტიკური თემაა და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს რომ ეს შევაჩეროთ“,- აღნიშნა „აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორმა.

ქრისტინა კვაჭანტირაძე