NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, საქართველოში მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, სიღარიბისა და ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ. 

კითხვაზე, თუ რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ, 40% სიღარიბეს ასახელებს, 30%-ისთვის ეს მიზეზი უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა, 28%-ისთვის კი ინფლაცია და მაღალი ფასებია. 

ამავე კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში თავს დაუცველად სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გრძნობენ.

მათგან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, თბილისის მოსახლეობა (სხვებზე ხშირად) მიზეზად კრიმინალს ასახელებს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებების მცხოვრებლები შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობასა და რუსულ საფრთხეს.

მათგან, ვინც დაუცველად გრძნობს თავს, ახალგაზრდები უფრო მეტად კრიმინალსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებენ.

მათგან, ვინც დაუცველად გრძნობენ თავს, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მთავარ მიზეზად სიღარიბეს ასახელებენ.

სხვებთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდამჭერები მეტად ასახელებენ ინფლაციას, წამლების მაღალ საფასურს, განათლების დაბალ დონესა და ჯანდაცვის პრობლემებს. ხოლო, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობენ არის კრიმინალი, პოლიტიკური არასტაბილურობა და რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ.