გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში ოჯახისა და შვილების მიმართ ინტერესი არ შემცირებულა - პირიქით, 18-39 წლის ადამიანების უმეტესობა ქორწინებასა და მშობლობას მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიზნად მიიჩნევს.

„დემოგრაფიული მომავლის კვლევამ“, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარდა, აჩვენა, რომ ახალგაზრდების რეპროდუქციულ გეგმებს ძირითადად ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის პრობლემა და კარიერული მიზნების მიღწევის საჭიროება აფერხებს.

კვლევაში, რომელშიც 13 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, გამოკითხულთა 79%-მა განაცხადა, რომ სურს დაქორწინება. საქართველოში ახალგაზრდები შვილების სასურველ რაოდენობას საშუალოდ ქალებისთვის 2.6, კაცებისთვის კი 3 ბავშვად ასახელებენ.

კვლევის ავტორების მიხედვით, რეგიონში ბევრი ადამიანი სასურველზე ნაკლებ შვილს აჩენს. 35-39 წლის ქალების 22%-ს შვილი არ ჰყავს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მათი არჩევანი არ ყოფილა.

საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გენდერული როლები და ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობის არათანაბარი გადანაწილების შიში სახელდება. კვლევის მიხედვით, ქალების ნაწილი ფიქრობს, რომ დედობის შემთხვევაში ძირითადი ტვირთი მათზე გადავა.

ახალგაზრდებისთვის მშობლობის მნიშვნელოვან წინაპირობებად სახელდება განათლების დასრულება, კარიერული სტაბილურობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი საცხოვრებელი. საქართველოში გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ განათლების დასრულება აუცილებელია შვილის გაჩენამდე, ხოლო 58% კარიერულ დამკვიდრებას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.

კვლევის თანახმად, შვილების ყოლის მთავარ პირობად ფინანსური უზრუნველყოფა სახელდება — ამას ქალების 70% და კაცების 61% მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მშობლობაზე უარის ან გადადების მიზეზებს შორის კი ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პარტნიორის არყოლა და საცხოვრებლის პრობლემა დასახელდა.