Henley Passport Index-ის 2025 წლის რეიტინგის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

უფრო კონკრეტულად, ქართული პასპორტით უვიზო მოგზაურობა 122 ქვეყანაშია შესაძლებელი, რითაც, ბოლო განახლებით, ქვეყანა რეიტინგში ორი პუნქტით დაწინაურდა და 42-ე ადგილზე გადავიდა.

საქართველოს პასპორტის სიძლიერით თურქეთი და რუსეთი მოსდევს. აღნიშნული ქვეყნები 114 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 67-ე ადგილს 70 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით იკავებს აზერბაიჯანი. მას კი რეიტინგში მოსდევს სომხეთი 70-ე ადგილითა და 67 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.

ცნობისთვის, Henley Passport Index-ის რეიტინგი გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობა. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.

ბიზნესპრესნიუსი