იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის, ვიდრე კონფლიქტამდე სცენარით იყო გათვალისწინებული.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი სალომე დეისაძე განმარტავს, რომ თუ რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კონფლიქტის გავრცელების არეალი და მასშტაბი.
"თუ კონფლიქტამდე საბაზისო სცენარით ველოდებოდით, რომ გაყიდვები 1.4%-ით გაიზრდებოდა, ვითარების დასტაბილურებამ შესაძლოა, ტრანზაქციები 2%-ით გაზარდოს. ასევე, თუ ველოდებოდით, რომ ფასები 2.6%-ით გაიზრდებოდა, ახლა ველოდებით, რომ 3.2%-ით მოიმატებს და 1325 დოლარს შეადგენს. ეს ძირითადად განპირობებულია გაზრდილი ინტერესით ახლო აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით ისრაელიდან. ასევე, შესაძლოა ვივარაუდოთ პოტენციური მიგრაციული ნაკადები, რაც დადებით გავლენას მოახდენს როგორც გაყიდვებზე, ასევე, გაქირავებაზე“, - აცხადებს სალომე დეისაძე.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბოლო ერთი თვის ოფიციალური დარეგისტრირებული ტრანზაქციები არ დახურულა, პირველადი მონაცემებით, გაზრდილია ინტერესი ისრაელის მოქალაქეების მხრიდან. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა წითელი ზღვის კრიზისის დროს 2023 წელს, როცა ისრაელიდან განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმართ.
„ინტერესის ზრდის განმაპირობებელია საქართველოს სტატუსით, ანუ რეგიონში შედარებით უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და ამდენად, კაპიტალის დაბანდების შესაძლებლობას იძლევაისრაელის მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასის ფორმირებას, ამაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთია მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია სამშენებლო ხარჯები - 2024-2025 წლებში სამშენებლო ხარჯები გაძვირდა, მათ შორის, გაიზარდა როგორც მუშახელის ანაზღაურება, ისე - მასალები. 2026 წელსაც რომ ვუყურებთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ნავთობის ფასებზე ახდენს გავლენას, რაც ერთი მხრივ, საწვავს აძვირებს და მეორემ მხრივ, ტრანსპორტირების ხარჯებს. თუ დროულად არ დასრულდა კონფლიქტი, სხვა დანარჩენთან ერთად, სამშენებლო ხარჯები გაიზრდება“, - ამბობს სალომე დეისაძე.