„რუსთავის აზოტი“ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ 2025 წლის 3 აპრილს ტელეკომპანია ,,ტვ პირველის“ეთერში,   გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ქალაქ რუსთავში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი - დათუნა ბერიძე.

სიუჟეტში მოხსენიებულია, რომ ტერიტორია, სადაც უბედრი შემთხვევა მოხდა ეკუთვნის სს ,,რუსთავი აზოტს“, რომელზეც თითქოს განთავსებულია საწარმოს კუთვნილი ვაგონების ჩიხი, სადაც ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქტის (აზოტის) ჩამოტვირთვა. სიუჟეტში ასევე მოხსენიებულია, რომ სს ,,რუსთავი აზოტის საწარმოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ  იყო.

ეთერში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა არ ეკუთვნის სს ,,რუსთავი აზოტს“. სიუჟეტში მოხსენიებული რკინიგზის ჩიხი ასევე არ ეკუთვნის სს „რუსთავის აზოტს“. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა სს ,,რუსთავი აზოტის“ საკუთრებაში არსებული პროდუქტის ჩამოტვირთვა ან/და 

საწარმოსთან დაკავშირებული სხვა რაიმე სახის საქმიანობა. დამატებით გვსურს ასევე განვაცხადოთ რომ სიუჟეტში მოხსენიებული სპეც.ტექნიკა ასევე არ წარმოადგენს არც სს რუსთავის აზოტის და არც მისი რომელიმე ქვე-კონტრაქტორის სპეც-ტექნიკას. ის სამუშაოები რის შედეგადაც დადგა ტრაგიკული შემთხვევა არ ხორციელდებოდა სს რუსთავის აზოტის დაკვეთით და კომპანიას არავითარი შეხება მასთან არ ჰქონია.

რაც შეეხება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, გვსურს მოგახსენოთ, რომ სს ,,რუსთვის აზოტი საქმიანობას ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.

სამწუხაროა რომ სიუჟეტის ტელევიზიაში გასვლამდე სს რუსთავის აზოტს არ დაკავშირებია ჟურნალისტი და კომპანიას არ მისცემია შესაძლებლობა ოფიციალურად დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რის გამოც სიუჟეტი ცალმხრივად იქნა გაშუქებული, რასაც შეცდომაში შეყავს საზოგადოება.

სს ,,რუსთავი აზოტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.

ამასთანავე, გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვუცხადოთ, რომ ეთერში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან სს რუსთავის აზოტს არანაირი შემხებლობა და კავშირი არ ქონია აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოებულ საქმიანობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.