საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დაცვა არის სახელმწიფოს მოვალეობა. ამიტომ მათი კლინიკაში განთავსება, საქმის განხილვა, ადვოკატის უზრუნველყოფა და მკურნალობაც უფასოა. ეს სერვისი შეიძლება მიიღოს როგორც საქართველოს მოქალაქემ, ისე მოქალაქეობის არმქონე პირმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქემ. მკურნალობა მათთვისაც უფასოა, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა ისაუბრა.

მან დეტალურად განიხილა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის სამართლებრივი ნორმები - რა შემთხვევაში, რის საფუძველზე, ვის მიერ ხდება პირის კლინიკაში განთავსება.

მოქმედი კანონის მიხედვით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება შესაძლოა განხორციელდეს, პირის ნების საფუძველზე - სამართლებრივი აქტის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა რა ხდება და როგორ რეგულირდება საკითხი, როცა პირი უარს აცხადებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებაზე და სახეზე გვაქვს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი  მოთავსების სამართლებრივი რეჟიმის სავალდებულო ნორმების გამოყენება?

„როცა პირი ნებაყოფლობით არ იტარებს საჭირო მკურნალობას და სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა პირის არანებაყოფლობითი მკურნალობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მომართავს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დასაბუთებული შუამდგომლობით ან პენიტენციური დაწესებულება. მომართვას სავალდებულოდ უნდა ახლდეს თან ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა. ხოლო როცა შუამდგომლობის წარმომდგენია პენიტენციური დაწესებულება - მათ სპეციალური საექსპერტო დასკვნა აქვთ. საფუძველი, რამაც შეიძლება ექიმებს ეს დასკვნა მიაღებინოს, არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმებია: პაციენტს არ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, სტაციონარის გარეშე მისი მკურნალობა უნდა იყოს შესაძლებელი, მკურნალობის გარეშე მოსალოდნელი უნდა იყოს, რომ პაციენტმა თავის თავს, ან სხვებს მიაყენოს ზიანი, ან ქონების დაზიანების საფრთხე იყოს“, - აცხადებს ნინო ყანჩაველი.

როცა ოჯახურ გარემოსი პირის  მკურნალობა ვეღარ ხერხება, მერე მიმართავენ სტაციონარს, სადაც პაციენტს მორიგე ექიმი იღებს და 48 საათში ექიმ-ფსიქიატრის დასკვნა უნდა მომზადდეს იმის შესახებ, რომ პაციენტს სჭირდება სტაციონარში მკურნალობა და ამ ვადაშივე უნდა მიმართონ სასამართლოს.

16 წლამდე პაციენტების, არასრულწლოვანის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას.

მოსამართლე განმარტავს, რომ სასამართლოში საქმე განიხილება დახურულ სხდომაზე. მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა დახურულია, მონაწილე პირებს ეკრძალებათ მიღებული ინფორმაციის გასაჯაროება. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებულ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. 24 საათში დასრულდება საქმის განხილვა და ადგილზე გამოცხადდება შედეგი. თუ მოსამართლე დასაბუთებულად მიიჩნევს მომართვას, მიიღებს ბრძანებას პირის სტაციონარში მკურნალობასთან დაკავშირებით.

ნინო ყანჩაველის თქმით, კანონი ითვალისწინებს, რომ ოჯახური კონფლიქტი, საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებები არ შეიძლება გახდეს პირის სტაციონარში განთავსების მიზეზი. „თუ სასამართლოში გამოიკვეთა რომ მომართვამდე ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, ამან შეიძლება გააქარწყლოს ის, რომ პირს სჭირდება სტაციონარში განთავსება“.

სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი სტაციონარში მკურნალობას ექვემდებარება მოთავსების კრიტერიუმების ამოწურვამდე, არა უმეტეს 6 თვისა. ექიმ-ფსიქიატრები ვალდებულები არიან, ყოველთვიურად შეამოწმონ პაციენტის მდგომარეობა და სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია პირის კლინიკიდან გაწერის შესახებ.