ACT Global • ეისითი გლობალი-ს ეკონომიკური განვითარების პორტფელის ლიდი ლაშა ლაბაძე აცხადებს, რომ 2024 წლის დადებითი მიგრაციული სალდოს ავტომატურად დადებით კონტექსტში მიჩნევა არასწორია, რადგან წლების განმავლობაში სალდო ნეგატიური იყო და მას წლების ჯამურ ჭრილში უნდა შეხედო. ამის შესახებ მან „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა

„დადებით მიგრაციულ სალდოს არ შეიძლება პოზიტიური ინტერპრეტაცია მივცეთ ავტომატურად, რადგან სალდო დადებითი პირველად არ არის. მიგრაციული სალდო პირველად დადებითი 2020 წელს გახდა, ეს იყო პირველი დადებითი მაჩვენებელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თუმცა ამის მიზეზი იყო პანდემია და ამაში დადებითი არაფერია. 2020 წლიდან მიგრაციულ სალდოს ციკლურობა ახასიათებს, შემდეგ ამაში დიდი როლი ითამაშა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, შემდეგ სალდო დადებითი იყო, 2023 წელს ისევ ნეგატიური და 2024 წელს მცირედ დადებითი მიგრაციული სალდო გვაქვს.

2022 წელს დადებითი მიგრაციული სალდო განპირობებული იყო სხვა ქვეყნის მოქალაქეების იმიგრაციის ხარჯზე და საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო ამ წელს უარყოფითი იყო.

2024 წლის მონაცემებს რაც შეეხება, მიგრაციული სალდო დადებითია, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ჭრილში ეს რიცხვი კიდევ უფრო მცირეა და 800 მოქალაქეზეა საუბარი. ჩემი აზრით, ამ მაჩვენებლის 2023 წელთან შედარება შეცდომაში შემყვანი იქნება, რადგან 2023 წელის პიკური იყო, როდესაც ყველაზე მეტი მოქალაქე ემიგრირდა, ანუ გავიდა ქვეყნიდან. ასევე პიკური წელი იყო 2022 წელი, როდესაც 100 000 მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. ანუ ემიგრაციისა და იმიგრაციის გათვალისწინებით ჯამურად რომ ავიღოთ მხოლოდ ამ ორ წელიწადში საქართველომ ემიგრაციაში 120 000 მოქალაქე დატოვა. შესაბამისად, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 2024 წელს ემიგრაცია შემცირებულია, მაგრამ ამ წელს დაახლოებით 65 000 საქართველოს მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან.

ბუნებრივი მატება 2009 წლიდან 2019 წლის ჩათვლით დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რიცხვი აჭარბებდა გარდაცვლილთა რიცხვს. 2020-დან 2024 წლის ჩათვლით ეს ტენდენცია შეიცვალა და ბუნებრივი მატება უარყოფითია, ეს დემოგრაფიულ რისკებს შეიცავს და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეც შეიძლება აისახოს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბუნებრივი ზრდა ნეგატიურია, ხოლო მიგრაციული სალდო მერყევია.

მართალია ბოლო 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციული სალდო ნეგატიურია, ანუ უფრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, თუმცა ბოლო 3 წლის მონაცემებით დაახლოებით 77 000 რუსი იმიგრანტი ჰყავს საქართველოს და უკრაინის მონაცემი ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით 22 000-ია. ანუ მოსახლეობა ამ 2 კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეების ხარჯზეა გაზრდილი. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, კარგია თუ ეს ციკლურობა დაირღვევა, თუმცა პოზიტიური 800 საქართველოს მოქალაქე რომელიც დაბრუნდა საქართველოში მთელი მოსახლეობის 0.003%-ია, რაც მიზერულია", - განმარტავს ლაშა ლაბაძე.

bm.ge