იურისტმა და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა „კომერსანტის დილის“ საავტორო რუბრიკაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

ჟორჟოლიანმა იმ დეტალებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიუხედავად საგანმანათლებლო კამპანიებისა, ნაკლებად ექცევა ყურადღება.

„ამომრჩეველმა ორი მთავარი დეტალი უნდა გაითვალისწინოს: არ შემოხაზოს და არ გადაკეცოს ბიულეტენი.

აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, თუ ჩათვლიან, რომ ბიულეტენი გაუფუჭდათ, მათ ამ ბიულეტენის შეცვლის უფლება აქვთ. უბრალოდ კომისიის წევრს უნდა უთხრას, შედგება სპეციალური ოქმი და მისცემენ ახალ ბიულეტენს. ბიულეტენის შეცვლის უფლება მხოლოდ ერთხელ გვაქვს. სხვა არჩევნებთან შედარებით დამკვირვებლების ყველაზე დიდი რაოდენობა ამ არჩევნებზე ფიქსირდება. საარჩევნო კოდექსით, ჩვენ ორი ტიპის დამკვირვებელი გვყავს- ადგილობრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები.

 წელს „ეუთომ“ უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები გამოაგზავნა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს 60 საერთაშორისო ექსპერტი დააკვირდება. საღამოს 8 საათისთვის რიგის მომწესრიგებელი, თუ ბევრი ადამიანი დგას, ითვლის, რამდენი ადამიანი ელოდება და აწვდის ინფორმაციას საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც 8 საათამდე რიგში იდგებიან. თუმცა, პრაქტიკაში ჩემი გამოცდილებით, საღამოს რვა საათზე ასეთი აქტივობა უკვე აღარ არის“,- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.