საზღვარგარეთ დასაქმების სააგენტოებისთვის 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან გარკვეული ცვლილებები შედის ძალაში. ამის შესახებ „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალ დადგენილებაშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებები შედის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესში.

დადგენილების მიხედვით, თუ მანამდე შესაბამის სერტიფიკატს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემდა, ახლა ეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დისკრეცია ხდება. სწორედ აღნიშნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.

გარდა ამისა, თუ მანამდე სერტიფიკატი დოკუმენტაციის შემოწმებიდან არაუგვიანეს 90 დღეში გაიცემოდა, ვადები მცირდება და მაქსიმალურ პერიოდად განისაზღვრება 60 დღე.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, სააგენტოს შესაბამისი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარუდგინოს:

ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი;

ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;

ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.

ასევე,როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საშუამავლო კომპანია ვალდებულია, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, სააგენტოს წარუდგინოს საშუამავლო კომპანიის ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი, რომლითაც დაიფარება საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის მხრიდან ბენეფიციარისთვის (დასაქმების მაძიებელი ფიზიკური პირისათვის) მიყენებული მატერიალური (ფინანსური) ზიანი.

გარდა ამისა, კომპანია, რომელსაც სურს სერტიფიკატის მოპოვება, ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ინფორმაცია საშუამავლო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პირების შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია);

საშუამავლო კომპანიის იურიდიული მისამართი, ასევე ის მისამართი, სადაც აპირებს საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას (ფაქტობრივი მისამართი), ასევე საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელფოსტა);

ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის თაობაზე;

ინფორმაცია სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის არსებობის თაობაზე;

ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტი;

ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობის შესახებ;

ცნობა მოვალეთა რეესტრიდან, დავალიანების არარსებობის შესახებ.

სერტიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა სააგენტოს მიერ მოხდება იმ მისამართის შესაბამისად, რომელიც მითითებული იქნება კომპანიის მიერ ფაქტობრივი მისამართის გრაფაში.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიღებს სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ გადაწყვეტილებას, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას განესაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარს იტყვის, ან გაუქმდება გაცემული სერტიფიკატი, კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი