პარლამენტმა 79 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას.

კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის როგორიც არის: მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება; ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა.

კანონპროექტის ინიციატორი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნიკა ელისაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი ხელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, დავით კაჭარავა, ნოდარ ტურძელაძე, აკაკი ალადაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი და ლევან მაჭავარიანი.