1-ელი მაისიდან ძალაში შედის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები, რაც მათ შორის, საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს და დღეიდან სსიპ საპენსიო სააგენტოს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდება.

ამასთან, საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღემდე (მაგალითად, დამსაქმებლის შემთხვევაში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა), დამსაქმებელმა/თვითდასაქმებულმა უნდა უზრუნველყოს საბალანსო თანხის არსებობა/განთავსება/ჩარიცხვა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ზე და წარადგინოს საშემოსავლო დეკლარაცია.

საშემოსავლო დეკლარაციის გათვალისწინებით საბალანსო თანხის შესაბამისი მოცულობის არსებობისას, არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის გაგზავნის დღის 24:00 საათისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იხურება, ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია.

არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის გაგზავნის დღეს თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული არ უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობას/გადარიცხვას/ჩარიცხვას, აღნიშნულის შედეგად ვერ დაიხურება საპენსიო დეკლარაცია და ვერ განხორციელდება საპენსიო შენატან(ებ)ი, რაც მაგალითად, დამსაქმებლის შემთხვევაში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის შემდგომ წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და დამსაქმებელს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა და საურავი. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის გარეშე, საშემოსავლო დეკლარაციის დახურვის დროს, საპენსიო შენატანი ვერ განხორციელდება.

2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენით.

წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია არის, 2025 წლის 01 მაისამდე პერიოდისათვის, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ავტომატურად გენერირდება ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად;

საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის:

გეგმური მონიტორინგი
გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

არაგეგმური მონიტორინგი
არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას.

2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებაზე საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების განხორციელებამდე შეუსაბამობის აღმოფხვრა

პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ მისი შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა.

ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება და მოეთხოვება შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება;

2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის აღმოფხვრა შესაძლებელია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენის გზით.

შეუსაბამობის გამოვლენა 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულების შესრულებაზე

2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემისა და ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შედეგად.

დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა გამოიწვევს ავტომატურად სისტემის მეშვეობით დამსაქმებლის დაჯარიმებას და საურავის დაკისრებას.

საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის კი აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისას უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე არსებობა/ჩარიცხვა/გადარიცხვა.

საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი დაზუსტება, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის შემდგომ, (გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოვლინდება რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება არ არსებობს, ან ზედმეტად მოხდა საპენსიო შენატანის განხორციელება) გამოიწვევს დამსაქმებლის მიმართ ჯარიმისა და საურავის დაკისრებას.

საურავი დაერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაიანგარიშება წელიწადში 365 დღეზე.

საურავის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს განახორციელოს საპენსიო შენატანები, თუმცა საურავის დარიცხვა გაგრძელდება მანამ სანამ სრულად არ მოხდება შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება.

დაკისრებული ჯარიმის/საურავის გადახდასთან ერთად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად შესრულება, საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).

გადაწყვეტილების აღსრულება (განურჩევლად 2025 წლის მაისამდე ან ამ პერიოდის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების მიმართ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა/საურავისა)

თუ დამსაქმებელი 30 დღიან ვადაში ნებაყოფლობით სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საპენსიო შენატანის განხორციელება ან/და საურავის/ჯარიმის გადახდა) და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, ფონდის სათანადოდ უფლებამოსილი პირი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რის შედეგადაც დაკისრებული ჯარიმა, საურავი და საპენსიო შენატანი მიექცევა აღსრულებაში;

სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 01 მაისის შემდგომ პერიოდისთვის შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი, ირიცხება ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რის შემდგომაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და შესაბამისი თანხა ნაწილდება შესაბამისი მონაწილე(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე.