უცხოელების მიერ შრომითი ნებართვების მოპოვების თავისებურებები და საზღვრის კვეთის სირთულეები - შრომითი იმიგრაციის კანონის არსებულ რედაქციაში ამ კონკრეტულ ხარვეზებზე იურიდიული კომპანია GLCC-ის უფროსი იურისტი ენრი აბულაძე ამახვილებს ყურადღებას.
"საქმის კურსთან" საუბრისას ის განმარტავს, რომ თვითდასაქმებულს - რამდენიმე ადგილას მუშაობის შემთხვევაში, ყველა ნებართვა ინდივიდუალურად მოპოვება უწევს და კანონში ბუნდოვანი რჩება ჰოლდინგურ კომპანიაში დასაქმების შემთხვევებიც.
”ჰოლდინგური სქემის ფარგლებში დასაქმებული პირი, შესაძლოა რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდეს დასაქმებულად. კანონი არ გამიჯნავს, ასე ვთქვათ, ჰოლდინგური კომპანიის დეფინიციასაც და ამ შემთხვევაშიც ყოველი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, ეს არის მშობელი, შვილობილი თუ ასეთი შემდეგ კომპანია, ის მაინც სთხოვს, რომ ინდივიდუალურად დამსაქმებელმა დასაქმებულს მოუპოვოს საქმიანობის უფლებამოსილება.
ამასთან, როცა დასაქმებული სრულად დისტანციურად საზღვარგარეთიდან საქართველოში ახორციელებს საქმიანობას, მას შრომითი ნებართვა არ სჭირდება, თუმცა თუ მაგალითად, ასეთმა პირმა საზღვარი გადმოკვეთა, თუნდაც არასამსახურეობრივი, არამედ ტურისტული მიზნებისთვის, სააგენტო არ უყურებს და არ გამიჯნავს, რა საფუძვლით შემოვიდა შესაბამისი დასაქმებული. ჩვენ არაერთი კომპანია გვყავს, სადაც შეიძლება მათი დასაქმებული ტურისტული მიზნებით შემოდის, შეიძლება უბრალოდ საბანკო ანგარიშის შენარჩუნების მიზნით შემოდის, ან კონკრეტულად ერთკვირიან პროექტებზე შემოდიან და, სამწუხაროდ, არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, ამ ეტაპზე სააგენტოს და სამინისტროს მიდგომა რჩება იგივე, ისინი ავტომატურად მიიჩნევენ, რომ წინამდებარე პირებმა საზღვარი გადაკვეთეს, ასე ვთქვათ, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოს მიზნით", - განმარტავს კომპანია GLCC-ის უფროსი იურისტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი 2026 წლის 1-ელი მარტიდან შეიცვალა. უცხოელს საქართველოში სამუშაოდ სჭირდება სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლება, შრომითი ხელშეკრულება ან თვითდასაქმების დადასტურება, ასევე შესაბამისი ბინადრობა ან D1 კატეგორიის ვიზა. თუმცა ერთი თვით ადრე მიღებული ცვლილებები "ოცნების" ხელისუფლებამ აპრილში დაჩქარებული წესით გაამარტივა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორთა განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით და გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე სპეციალურ რეჟიმში მოქცევა. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.