ივნისიდან სოჭიდან სოხუმში კრუიზებს რუსული ლაინერი, „კნიაზ ვლადიმირი“ შეასრულებს. ამის შესახებ სოჭის პორტის გენერალურმა დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, „კნიაზ ვლადიმირი“ სოჭის პორტში 21 ივნისს ჩავა, ხოლო პირველი რეისით დანიშნულების ადგილამდე 29 ივნისს გაემგზავრება. საკურორტო სეზონზე ლაინერი 11 რეისს შეასრულებს. გემი სოჭიდან სოხუმის მიმართულებით ღამის საათებში გაემგზავრება და იქ სამი დღე დარჩება.

იური ვლადიმიროვი აცხადებს, რომ კრუიზების გაშვება სოჭის კომერციულ საზღვაო პორტში ტურისტულ ნაკადს, დაახლოებით, 5-10%-ით გაზრდის. მისი თქმით, გემი სოჭის პორტიდან აფხაზეთის მიმართულებით საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებს ცურვას.

მანამდე ლაინერის ოპერატორ კომპანია „ჩერნომორსკიე კრუიზიზე“ დაყრდნობით პორტალი, Sochi1.ru წერდა, რომ გემი, „კნიაზ ვლადიმირი“ სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით საზღვაო ტურებს იწყებდა.

„კნიაზ ვლადიმირი“ რუსულ შპს „ჩერნამოსრკიე კრუიზის“ ეკუთვნის. ის ცხრა გემბანიანი საკრუიზო გემია, რომელიც სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭის მარშრუტზე რეისებს ასრულებს.

2017 წლიდან გემი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს და სოჭის პორტზე არის მიწერილი.

ცნობისთვის: ახლახან რუსეთის რკინიგზამ გაავრცელა განცხადება, რომ 8 ივნისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოჭსა და გაგრას შორის ჩქაროსნული მატარებელი, „ლასტოჩკა” ყოველდღიურ რეისებს შეასრულებს.

bpn.ge