ბარსელონას გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებამ ორსულობის დროს შესაძლოა გავლენა იქონიოს ბავშვის ტვინის განვითარებაზე მის დაბადებამდე.
2018-2021 წლების პერიოდში მკვლევარები ბარსელონაში 1000-ზე მეტ ორსულ ქალს აკვირდებოდნენ. ყველა მონაწილე იმყოფებოდა ორსულობის ადრეულ სტადიაზე და ელოდა ბავშვს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გარეშე. თავის ტვინის დეტალური სკანირებით, ორსულობის უფრო გვიან სტადიაზე მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვილის ტვინი საშვილოსნოში.
კვლევა ფოკუსირებული იყო აზოტის დიოქსიდზე (NO₂), PM2.5-სა და შავ ნახშირბადზე, ამასთანავე გუნდი აკვირდებოდა ჰაერის დაბინძურების დონეს ორსულთა სახლებში, სამუშაო სივრცეებსა და მოგზაურობის ადგილებში. ეს ზემოქმედების დონე გამოითვლებოდა მონაწილეთა მობილურ ტელეფონებზე დაინსტალირებული გეოლოკაციის აპლიკაციის მეშვეობით.
სიღრმისეულად შესწავლილი 754 ორსულობიდან მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დამაბინძურებლების მაღალი დონის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჩვილებს ტვინის განვითარებაში გარკვეული განსხვავებები აღენიშნებოდათ. მათ ტვინის ზოგიერთ ნაწილში (მაგალითად, პარკუჭებსა და დიდ ცისტერნაში), ჰქონდათ უფრო ფართო სივრცეები და ცვლილებები ტვინის სტრუქტურებში, როგორიცაა ნათხემის ჭია, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობასა და კოორდინაციის განვითარებას.
შავი ნახშირბადი ასევე კავშირში იყო უფრო ნაკლებად ღრმა სილვიურ ნაპრალთან, ტვინის ნაოჭთან, რომელიც დიდ როლს ასრულებს მეტყველებასა და კომუნიკაციაში.
პაიამ დადვანდმა, ISGlobal-ის მკვლევარმა და კვლევის უფროსმა ავტორმა, განაცხადა: „ორსულობის შუა და გვიან პერიოდში ნაყოფის ტვინი შედის მისი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაში, რაც მას გარე ფაქტორების მიმართ, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით დაუცველს ხდის.“
თუმცა ტვინის ყველა უბანი არ დაზიანებულა. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ორსულობის შუა და გვიანი პერიოდი, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, შესაძლოა ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ტვინის სტრუქტურების ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ლაურა გომეს-ერერა, ISGlobal-ის მკვლევარი და კვლევის თანაავტორი, აღნიშნავს: „საქმე იმაშია, რომ ეს განსხვავებები თუმცა ინდივიდუალურ დონეზე მცირეა, მოსახლეობის პერსპექტივიდანაც მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაცნობენ, თუ როგორ მოქმედებს დაბინძურება ნაყოფის ტვინზე და მის დაუცველობაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით.“
კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ჯორდი სანიერი: „ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოჩენილი გვაქვს განსხვავებები იმ ნაყოფების ტვინში, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ დაბინძურებულ გარემოში, იმ ნაყოფებთან შედარებით, რომლებიც უფრო ნაკლებად დაბინძურებული გარემოს ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. საჭიროა დამატებითი კვლევა იმის დასადგენად, შექცევადია თუ არა ეს ეფექტები დაბადების შემდეგ, გრძელდება თუ არა ისინი და აქვთ თუ არა მათ რაიმე გავლენა ნეიროგანვითარების გვიან სტადიებზე.“