ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხომალდმა ფსკერზე ჩაუშვა ღუზა და განზრახ მიათრევდა მას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა კაბელები. შედეგად დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი, ასევე ოთხი საკომუნიკაციო კაბელი: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და ერთი - ფინეთ-გერმანიისა.

Eagle S დაცურავს კუკის კუნძულების დროშით, მისი ოპერატორია არაბთა გაერთიანებული საამიროს კომპანია Caravella LLC-FZ, ტანკერის ეკიპაჟი საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგება, გემის კაპიტანია დავით ვადაჭკორია. ფინეთის პრესის თანახმად, ის შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებს და ამბობს მხოლოდ, რომ ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.

როგორც ფინეთის ხელისუფლება იტყობინება, ხომალდი დაკავებულია, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში. გემზე ტარდება საგამოძიებო სამუშაოები და ეკიპაჟის დაკითხვა. როგორც ვარაუდობენ, გამოძიება ერთ თვემდე გასტანს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Eagle S რუსეთის ე. წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ის გამოიყენება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ამავე დროს იტყობინებიან, რომ ტანკერს რუსეთი გამოიყენებდა ნატოს წინააღმდეგ სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობისთვის. ამის ერთ-ერთ დასტურად ასახელებენ გემზე აღმოჩენილ ძვირადღირებულ სადაზვერვო აღჭურვილობას და ეკიპაჟში შემავალ მინიმუმ ერთ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს თანამშრომელია.

წყარო: მთავარი არხი