დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მწირი დაფინანსების მიუხედავად, ტელეკომპანია „ალტ-ინფოში" დასაქმებულთა რიცხვი იზრდება და პარტიაც და ტელევიზიაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. რაც ბადებს ეჭვს, რომ რადიკალური დაჯგუფების შემოსავალი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებში ჩანს.
„DRI დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირული თანხის ასეთი მკვეთრი ცვლილება და ამ კითხვით რადიკალური ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მიმართა. როგორც მორგოშია ამბობს, მათი შემომწირველები რეპრესიის მსხვერპლნი არიან ბანკების მხრიდან. პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება.
რადიკალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ.
2022 წლიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, პოლიტიკურ დაჯგუფებას 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური პირია, ხოლო ერთი - იურიდიული. მათგან მხოლოდ 33 ფლობს უძრავ ქონებას. 30 შემომწირველი კი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელია.
„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს" პარალელურად, DRI-მ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" ფინანსებიც შეისწავლა. კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური ვებგვერდის მიხედვით, ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი მისი მფლობელი ციალა მორგოშიაა. ის კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა, რომლის სახელზეც მორგოშიას შვიდი კომპანიაა აქვს გაფორმებული, მათ შორის, შპს „ალტ-ინფოც". თუმცა, ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა და ეს ფაქტი მან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან საუბარშიც დაადასტურა.
მიუხედავად ოფიციალურად დეკლარირებული მწირი დაფინანსებისა, ტელეკომპანია „ალტ-ინფოში" დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" შემოწირულებები და ფინანსები 2022 წელთან შედარებით მკვეთრადაა შემცირებული, პარტიაც და ტელევიზიაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას. მოცემული ფაქტი კი ბადებს ეჭვს, რომ რადიკალური დაჯგუფების შემოსავალი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებში ჩანს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.