AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
ამასთან, როგორც უწყებაში განაცხადეს, შიდა ფრენებს კიდევ დაემატება ორი სიხშირე, ერთი ამბროლაურის, ხოლო მეორე ბათუმის მიმართულებით. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამბროლაურის მიმართულებიდან ფრენა დამატებით სამშაბათს, ხოლო ბათუმის მიმართულებით ხუთშაბათს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ამბროლაურიდან ფრენები ნატახტარის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ხორციელდება - სამშაბათი, პარასკევი და კვირა. ბილეთი ფასი 50 ლარია. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმიდან ფრენები ნატახტარის მიმართულებით სრულდება შემდეგ დღეებში: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. ბილეთის ფასი 125 ლარია.
ინფორმაციისთვის, საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. ბოლო შეთანხმებით, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის ბოლომდე ჰქონდა, ბოლო მდგომარეობით კი კომპანია შიდა ფრენებს წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებაც. ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.