მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება-რეალიზაციის წესის ამოქმედება აღარ გადავადდება. ამის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. რეგულაცია საცხოვრებელ ზონებში ადვილად აალებადი საქონლის წარმოება-რეალიზაციას არეგულირებს.

დღესვე თბილისის მერიამ 2026 წლიდან აღნიშნული რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობის გახუთმაგება დაანონსა.

"დაგეთანხმებით, რომ რამდენიმეჯერ მოხდა აღნიშნული კანონის გადავადება, თუმცა ჩვენ პირველი იანვრიდან აღარ ვაპირებთ ამის გადავადებას და შესაბამისად ყველა იმ აღნიშნულ სუბიექტს, რომელიც დღეს სარგებლობს ამ ასე ვთქვათ ბიზნესით, მოუწევს გათვალისწინება იმ რეგულაციების, რა რეგულაციებიც არის ჩვენს მიერ დასახული. ეს არის ძალიან მკაფიოდ გადაწყვეტილი და შესაბამისად თუ ვინმე არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა, ზუსტად იმიტომაც არის, რომ იქნება ჯარიმების ზრდა, რომ ადმინისტრირება უკეთესად განვახორციელოთ", - განაცხადა ტყემალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ელიავას ბაზრობაზე არსებული სავაჭრო პუნქტები საქმიანობას გააგრძელებენ მხოლოდ ამ რეგულაციების შესაბამისად. შესაბამისად, იმ მაღაზიებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს პროფილის შეცვლა მოუწევთ.

"ელიავას ბაზრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა იმ კომპონენტში, თუ რომელიმე კომპონენტი ვერ დაექვემდებარება და კონკრეტულად აალებად მასალებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პროფილის შეცვლა", - განაცხადა ტყემალაძემ.

აღნიშნული რეგულაცია 2025 წლის 1-ელ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო.

bm.ge