ბაზარზე საქონლის ხორცი გაძვირდა. ამ დროისთვის სხვადასხვა მარკეტებსა თუ აგრარულ ბაზრებში ერთი კილოგრამი ცოცხალი საქონლის ხორცის ღირებულება 32-35 ლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, დეკემბერში ხორცი კიდევ გაძვირდება. ფერმერი ამბობს, რომ მომდევნო თვეში, ფასი საშუალოდ, 1 ლარით მოიმატებს.

აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად ადგილობრივი წარმოების შემცირება სახელდება, რაზეც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც მიუთითებს. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა საქონლის სულადობა შემცირდა. უფრო კონკრეტულად, წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის III კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა (გასულ წელს 848 ათასი სული).

ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. (19.5 ათასი ტონა)

ბექა გონაშვილის განმარტებით, ქართულ ბაზარზე ფასს მსოფლიოში არსებული ვითარებაც განაპირობებს, რადგანაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოკიდებულება ხორცის იმპორტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიიდან შემოდის ძირითადად ცოცხალი საქონელი და იქაც მომატებულია ფასი. ყველგან მოიმატა, მსოფლიოს მასშტაბითაა მზარდი ფასები და შესაბამისად, ჩვენთანაც აუცილებლად მოიმატებდა. ვერაფერს ვერ დავუპირისპირებთ მაგას იმიტომ, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება შემცირებულია.

ჩვენგან ექსპორტზე გადის პატარა საქონელი, ძირითადად, 200 კილოგრამამდე. აქედან გამომდინარე, გვიწევს შემოყვანა ან შემოტანა. ამიტომაცაა, რომ დამოკიდებულები ვართ მათ ფასებზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქონლის გასუქება ვერ ხერხდება, საძოვრების ნაკლებობაა. იმდენი საძოვრები არ გვაქვს, როგორც სხვა ქვეყნებს.

2023 წელს საქართველოდან გასულია 175 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაგ პერიოდში რუსეთიდან შემოყვანილია 52 000. ჩვენ უფრო მეტი გავყიდეთ, ვიდრე შემოვიყვანეთ, ანუ ნიშნები იყო უკვე. მე პირადად ამის მოლოდინი მქონდა. წელს არის უკვე მეორე წელი, როცა დეფიციტი გვაქვს და ფასი გაზრდილია“, - განაცხადა „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა.

ბექა გონაშვილის თქმითვე, ბოლო 6 თვეში კილოგრამ ხორცზე ფასმა საშუალოდ 5 ლარით მოიმატა.

„ზაფხულის დასაწყისში 1 კილოგრამის ფასი 19 ლარი იყო, ახლა კი 24 ლარია ასაღები ფასი. მე ვფიქრობ, რომ დეკემბერში აუცილებლად კიდევ ერთხელ გაძვირდება, საშუალოდ 1 ლარით. შემდეგ შენარჩუნდება რაღაც პერიოდი და გაზაფხულზე კიდევ გაძვირდება. როგორც წესი, დეკემბრის პერიოდში საქონლის იმპორტი რთულდება ხოლმე რუსეთიდან, გზებზე შეფერხებებია და ხორციც დეფიციტური ხდება“, - აცხადებს გონაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის მიხედვით, 1 კგ ძროხის ხორცი წლიურად 7,42%-ით გაძვირდა, კილოგრამი ძროხის ხორცის ფარში კი 5,91%-ით.

Bpn.ge