ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში სახელმწიფო 4 მიწის ნაკვეთს, 2 დანგრეული და 1 ნანგრევი შენობით 763 ათას ლარად ყიდის.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი 14 მარტს გამოაცხადა და უპირობო აუქციონი 28 მარტამდე გაგრძელდება.

ქონების მოკლე აღწერა ასეთია, 4426.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (დანგრეული), N2 (დანგრეული), N3, N4, N5, N6, N7 (ნანგრევი), N8 და N9 შენობა-ნაგებობა , 355.00 კვ.მ. და 129.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და 197.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ ქონებებიდან ერთ-ერთი საპრივატიზებო უძრავი ქონება (ს.კ.N61.11.21.654) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის (ყოფილი საჯინიბოს შენობა) ტერიტორიას წარმოადგენს.

შენიშვნების სია ასეთია:

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: N61.11.21.851; N61.11.21.854 და N61.11.23.357) ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N61.11.21.654 და N61.11.23.357) განთავსებულია შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი დ=200 მმ-იანი წყალარინების ქსელი, ასევე N61.11.21.654 საკადასტრო კოდით უფლებარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დამატებით კვეთს დ=100 მმ-იანი წყალმომარაგების ქსელი.

დოკუმენტაციის მიხედვით, საპრივატიზებო ობიექტები მდებარეობს მდინარის სიახლოვეს, შესაბამისად, მყიდველის მიერ გასათვალისწინებელია ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

მიწის ნაკვეთები მდებარეობს აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის მეორე (შეზღუდული რეჟიმი) ზონაში, რომლის ფარგლებში, დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ ჩამონათვალი „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის მიხედვით, აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

bm.ge