სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

სოფელი ჯილიზა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სომხეთის ლორის მხარის ალავერდის რაიონში მდებარეობს.

მედიაში აღნიშნულია, რომ სომხეთი აპირებს გაააქტიუროს მუშაობა საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციაზე არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანთანაც.

ეს საკითხი ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტის დროს განიხილებოდა.

„ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, 1996 წლიდან კი 2 ქვეყანას შორის ფუნქციონირებს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, თუმცა სამუშაოები გარკვეულწილად ნელი ტემპით მიმდინარეობს.