რატომ უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი - ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ფაქტის კონსტატაციაა და ეს სულაც არ აღიქმება უარყოფითად. „ეს არ აღიქმება უარყოფითად, ეს ფატის კონსტატაციაა და დანარჩენს გამჭვირვალობა უზრუნველყოფს“, - თქვა მან.

პრემიერის თქმით, მასაც ჰქონდა უხერხულობა, როცა დადგენილებების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ, ასევე გააზრებული ჰქონდა რომ გამჭვირვალობას რისკები მოსდევს.

- თქვენ თქვით, რომ ვერცერთმა უცხოელმა პარტნიორმა არგუმენტები ვერ მოგიყვანათ იმაზე, რომ თქვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი რუსულია, რატომ ვერ დაარწმუნეთ ისინი და ასევე ქართველი ხალხი, რომ ეს კანონპროექტი არის ქართული, ევროპული და ამერიკული? ასევე როცა თქვენ ამბობთ რომ ასეთი კანონი აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში არსებობს, მაშინ თავად ისინი რატომ ამბობენ რომ ჩვენ მსგავსი კანონები არ გვაქვსო? თუ მსგავსი კანონპროექტი ჩვენს ინტეგრაციას შეაფერხებს მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ისტორიული არჩევანის ჩაგდებისთვის?

- როცა ამერიკელები ამბობენ, რომ მათი კანონი არ არის მსგავსი ეს მართალია, რადგან მათი კანონი უმკაცრესია. ამერიკული კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას, - მათ უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამიტომ არ არის აშშ-ს კანონი იგივე რომ უფრო მაღალი სტანდარტი აქვთ დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს. თქვენ რატომ არ წაიკითხეთ ამდენი ხანი ევროპული კანონი?

- ევროკავშირში არ არის მიღებული ეს კანონი, ეს არის კანონპროექტი და ოლაფ შოლცმა თქვა, რომ შეიძლება არც მივიღოთო.

- ევროკომისიამ თქვა, რომ ეს არის კარგი, ანუ მოიწონა და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. მიიღებენ თუ არა ეს ხომ საინტერესო აღარ არის. ევროკომისიამ თქვა, რომ მათი კანონი კარგია, რომელიც უფრო მკაცრია.

  • რაც შეეხება დარწმუნებას, როგორ უნდა დაარწმუნო თუ დისკუსია არ შედგება. მოდიან არგუმენტების გარეშე და არგუმენტი ბუნებაში ვერც იარსებებს. პრობლემა ის კი არ არის, რომ არგუმენტი არსებობს და ვერ გიმტკიცებენ, უბრალოდ არგუმენტი ვერ იქნება რადგან ერთადერთი რაც ამ კანონში წერია, არის ის რომ "ენჯეო" იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება ვისგან მიიღო და რაში დახარჯა ფული. როგორ შეიძლება ეს ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო იყოს.

  • რატომ გვეუბნებიან ამას [მსგავსი კანონები არ გვაქვსო]? - არავის არ უხარია გამჭვირვალობა. როცა ფულს ხარჯავს არავის არ უხარია. მაგალითად მთავრობაში ჩვენი ინიციატივით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას თავისი რისკები მოსდევს. მაგალითად როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, ყველა განკარგულება გასაჯაროებულიყო ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაციური კამპანია ერთ-ერთ განკარგულებაზე. უხერხულობას ეს ჩვენც გვიქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ. არცერთ ფულის გამცემს გამჭვირვალობა არ უხარია და გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ინტერესები გვაქვს. შეიძლება დონორს მისი თანხების გამჭვირვალობა არ უხარია, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ დღეს რომ მოქალაქეს ინფორმაცია არა აქვს მაგალითად საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი“ ან „სირცხვილია“ ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ანუ ინტერესი არის რომ მოქალაქეს გავაგებინოთ ორგანიზაციამ საიდან მიიღო ფული და სად დახარჯა. თქვენ არ გაინტერესებთ?


- ჩვენ არ ვამბობთ, რომ გამჭვირვალობას ვეწინააღმდეგებით.

- აბა კანონს რატომ ეწინააღმდეგებით?

- უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი რატომ უნდა ერქვას ყველა ორგანიზაციას?

- ეს ფაქტის კონსტატაციაა. არსებობს პროექტები, რომელიც ემსახურება სოფლის განვითარებას საქართველოში. ამ შემთხვევაში პრობლემა იმაშია რომ არსებობს უცხოური ძალა და მას აქვს ინტერესი საქართველოში სოფლის მეურნეობა განვითარდეს და ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ კეთილშობილურ ინტერესს. ასევე მთავრობამაც თუ დააფინანსა სოფლის მეურნეობა ჩვენი ინტერესების გამტარებელი იქნება, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს, მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახავს,მაგალითად, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ესეც იქნება ჩემი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობის მთავარი ინტერესია, ხალხმა გაარჩიოს, სად არის კარგი და ცუდი ინტერესი. მაგალითად არის დროა,პოლიტიკური პარტია, არასამეწარმეო იურიდიული პირი, - ფიქციური, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ფონდი 2-3 წლის განმავლობაში თანხებს ურიცხავდა, თან ეს არ იყო საგრანტო პროექტზე აგებული დაფინანსება, თანხებს ურიცხავდნენ ხელფასებისთვის და ოფისებისთვის. ეს არსად არ ეწერა, ერთხელ "ფეისბუქზე" დაწერა ხოშტარიამ, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფინანსდა მათ მიერ და ამისთვის მადლობა გადაუხადა - ანუ შემთხვევით გავიგეთ. ეს არსად არ წერია. უკანონოდ აფინანსებდა ხოშტარიას პარტიას ერთ-ერთი ევროპული ფონდი.

- ყველას რატომ ვარქმევთ უცხოური ძალის გამტარებელს, თუ როგორც ჩვენ თვით, მხოლოდ 30% ატარებს ცუდ ინტერესებს საქართველოში?

  • ეს არ აღიქმება უარყოფითად. ეს ფატის კონსტატაციაა. დანარჩენი კარგია თუ ცუდი ეს ინტერესი, ამას გამჭვირვალობა უზრუნველყოფს. ამიტომ სინამდვილეში, ამ კანონის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს.

bm.ge